მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ შრომის კოდექსის ცვლილებები მიიღეს, ეს Doing Business-ის რეიტინგს კიდევ გააუარესებს"

5db1a3256a27f
ლიკა გურაბანიძე
24.10.19 17:14
1185
„ჩვენ დიდი ქვეყანა არ ვართ, რომელიც შესაძლოა ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს. არ გვაქვს არც ნავთობი, არც ოქრო, ერთადერთი რამ, რაც შესაძლოა, ინვესტორებისთვის შეთავაზების ნაწილში საინტერესო იყოს, ეს არის ქვეყნის მოწყობა,“ - ამის შესახებ „ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსმა“ გია ჩქოფოიამ Doing Business-ზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი ქულით ჩამოქვეითდა და მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც გია ჩქოფოია აღნიშნავს, მე-7 ადგილი არ იძლევა „აპოკალიფსის გამოცხადების საფუძველს“.

„ეს არის საერთაშორისო ინდიკატორი, რეიტინგი, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და რომელიც განსაზღვრავს ან ასახავს ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს და პოტენციალს. ერთი შეხედვით, მე-7 ადგილი და ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ახლა ამ სარეიტინგო რუქაზე გვიკავია თავისთავად არ იძლევა არათუ აპოკალიფსის გამოცხადების საფუძველს, არამედ ეს კარგი პოზიციაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მაჩვენებელზე სწორება? მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ქვეყანა არ ვართ, რომელიც ინვესტორებისთვის  შესაძლოა საინტერესო იყოს, ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც ოქრო, ერთადერთი რამ რაც ჩვენთვის შესაძლოა ინვესტორებისთვის შეთავაზების ნაწილში საინტერესო იყოს, ეს არის ქვეყნის მოწყობა. ამით შესაძლოა უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ, რაც FDI-ს გაზრდაზე მომავალში პირდაპირ გავლენას იქონიებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ამ რეიტინგში სიტუაციას გაგვიუარესებს. ვგულისხმობ ნაბიჯებს შრომის ბაზრის რეგულაციების თვალსაზრისით, რომელიც ჯერ ამ რეიტინგში ასახული არ არის. რეიტინგის 10 კრიტერიუმიდან ერთ-ერთი შრომის ბაზრის რეგულაციებია. ეს არ არის უკვე მიღებული კანონი და ესეც თუ მიიღეს ცხადია, სიტუაციას ეს კიდევ უფრო გაგვიუარესებს,“ - აღნიშნა გია ჩქოფოიამ.

მისივე თქმით, ქვეყანას ამ 10 მაჩვენებლიდან ნიშანდობლივი კრიტერიუმი უკვე გაუარესდა.

„ეს არის მინორიტარული ინვესტორების უფლებების დაცვა, რომელშიც მე-2 ადგილიდან მე-6-ზე გადავინაცვლეთ. ეს ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რასაც შემდგომ რეიტინგებში ნეგატიური გავლენა აუცილებლად ექნება", - განაცხადა „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსმა“.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ათეულში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება(83.28). წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი სხვა ქვეყნის, კერძოდ აშშ-ის მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ქვეყანა რეიტინგში დააწინაურა. 

Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია. საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები