მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სუბსიდირების ბენეფიციარი ტომარა ფქვილს 53 ლარზე ძვირად გაყიდის 50,000 ლარით დაჯარიმდება - მთავრობა

5fccad9a2eb02
BM.GE
06.12.20 13:52
2727
საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად სპეციალური დადგენილება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პურსის ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად 10,000 ტონამდე ხორბლის სუბსიდირება მოხდება, რაზეც თვეში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. 

დადგენილება ხორბლის ფქვილის იმპორტიორებსა და მწარმოებლებს განუსაზღვრავს სუბსიდიის ფასს, რაც 50 კილოგრამ ფქვილზე (ერთ ტომარაზე) 10 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების პირობის თანახმად, კომპანია, ამ ფქვილს პურის ქარხნებს მიაწვდის, ფქვილის სარეალიზაციო ფასი კი ერთ ტომარაზე მაქსიმუმ 53 ლარი უნდა იყოს.

მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, თუკი პროგრამის რომელიმე ბენეფიციარი დაარღვევს ერთი ტომარა ფქვილის მაქსიმუმ 53 ლარად რეალიზაციის ვალდებულებას, მაშინ მას მინიმუმ 50,000 ლარის ჯარიმა დაეკისრება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომპანიების მიერ ფქვილის რეალიზაციის პროცესს შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს. 

სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. 

მასში მონაწილეობის მისაღებად ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მოთამაშეებს ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს სისტემისთვის განაცხადებით უნდა მიმართონ. 

ხორბლის სუბსიდირების პროგრამის განახლება საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, პროგრამის პირობები და შეზღუდვები ასეთია:

1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისათვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:

ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარს;

გ) პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია გაიცემა არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა მოცულობის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე;

დ) პოტენციური ბენეფიციარი დააფიქსირებს ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობასა და მოცულობას, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში;

ე) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ყოველთვიურად;

ვ) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობას, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციართან და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით განსაზღვრული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობა;

ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 90 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა,”- ნათქვამია დადგენილებაში.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები