ანალიტიკური კომპანია IRI აცხადებს, რომ აშშ-ში ტუჩსაცხზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა და აპრილში გაყიდვებმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 80%-ით მოიმატა. როგორც ანალიტიკური კომპანია აცხადებს, კოსმეტიკაზე მოთხოვნის ზრდა ვაქცინაციის სწრაფი ტემპით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აპრილის თვეში ტუჩსაცხის გაყიდვებმა 34.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც პანდემიამდე გაყიდვების მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება, რადგან პანდემიამდე საშუალოდ 40 მილიონი აშშ დილარის პროდუქტი იყიდებოდა.
CNN-ის მიხედვით, ტუჩსაცხზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პირბადის გამოყენების რეკომენდაციები განაახლა, სადაც წერია, რომ სრულად აცრილი ადამიანებისათვის არ არის სავალდებულო პირბადის გამოყენება.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების ქსელი Walmart-ი აცხადებს, ტუჩსაცხზე მოთხოვნა აპრილის ბოლოდან მზარდია. მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მკვეთრი ფერის პომადები გაიყიდა.