მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ ზონებში სავალუტო ჯიხურები იხურება- “მომხმარებლების 50% ტურისტები იყვნენ”

6002e443f2736
ანა ჯოხაძე
16.01.21 18:33
1255
სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით სავალუტო ჯიხურები ტურისტულ ზონებში დაიხურა. ეკონომისტი დავით კიკვაძე გვიხსნის, რომ თუ ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ბაზრის დატოვება ჯერ კიდევ პანდემიამდე ეროვნული ბანკის რეგულაციების გამო დაიწყეს, სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისთვის მთავარი გამოწვევა პანდემია აღმოჩნდა, რადგან მათი მომხმარებლების 50% და მეტი სწორედ უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა. ადგილობრივი მომხმარებლების ამარად დარჩენილმა მცირე ბიზნესმა კი შემცირებული შემოსავლების ფონზე საქმიანობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

“ტურისტების რაოდენობის ფაქტობრივად განულება პირდაპირ აისახა სავალუტო ჯიხურების საქმიანობაზე, ეს კი იქიდან გამომდინარე, რომ მათი მომხმარებლების 50% და მეტი არიან ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში და ფულს ახურდავებენ. მომხმარებლის ეს სეგმენტი მათ ჩაეხსნათ და შესაბამისად დამოკიდებული გახდნენ უკვე არსებულ ქართველ მომხმარებლებზე. ქართველი მომხმარებლების სეგმენტი კი მათთვის მწირია, რადგან ასეთი ტიპის მომხმარებლები ძირითადად სესხის მომსახურებისთვის იხდიან თანხებს. ასეთი ტიპის მომხმარებელი ისედაც ბანკში აკონვერტირებს ფულს. შესაბამისად სავალუტო ჯიხურებთან აქტიური კავშირი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ეკონომიკაზე და მთლიან შიდა პროდუქტზე აისახება”-ამბობს ეკონომისტი დავით კიკვაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების რაოდენობა 1 წელიწადში 150 ერთეულით არის შემცირებული. სებ-ის ინფორმაციით, 2019 წელს ბაზარზე 944 სავალუტო ჯიხური ოპერირებდა, 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით მცირე ზომის კომპანიებმა ბაზარი დატოვეს. დღეს ბაზარზე ფუნქციონირებას 794 სავალუტო ჯიხური განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები