მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმიდან კადრების გადინება პრობლემაა, თუმცა სტაბილურობის გაჩენასთან ერთად, ეს მოგვარდება - სპეციალისტები

61fee0e5d09a7
ინგა მურუსიძე
06.02.22 00:56
1060
2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 1.7 მლნ ვიზიტი განხორციელდა. მაჩვენებლები 2019 - პანდემიამდელ წელთან შედარებით, რამდენჯერმე დაბალია. გასული წლის ივლისში, როცა ტურიზმის აღდგენა დაიწყო, დარგის წარმომადგენლები ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად კვალიფიციური კადრების გადინებას ასახელებენ. რამდენად შეიძლება ამ პრობლემამ სერიოზული საფრთხე შეუქმნას გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის აღდგენას, საკითხზე bm.ge სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის დამფუძნებელს ქეთი მელაძეს ესაუბრა.

ის მიიჩნევს, რომ კადრების გადინება სერიოზული პრობლემაა, თუმცა სტაბილურობის გაჩენასთან ერთად, ეს პრობლემად მოგვარდება.

„პრობლემა, რომელიც კადრების დეფიციტს ეხება, დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა. იტალიელები, ავსტრიელები ამბობენ, რომ კადრები არ ჰყავთ, რომ დაასაქმონ. პრობლემა გლობალურია და ვფიქრობ, რომ როცა სიტუაცია გლობალურად დაწყნარდება, ყველაფერი მოგვარდება. განგაშის ატეხვა, რომ საქართველოში დგას ეს პრობლემა, არ არის სწორი. „გადასაგორებელი“ პერიოდია.

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, შეკვეთები წამოვა, სადაც ფული გამოჩნდება, იქ გაჩნდებიან კადრებიც. ყველა დაბრუნდება უკან, როგორც კი შემოსავლები გაჩნდება. თუმცა აქვე ვფიქრობ, რომ სასტუმროების მფლობელებმა და სხვა დმსაქმებლებმა დარგში, უნდა გაზარდონ ანაზღაურება. ინტერესი უნდა გაუჩნდეთ ადამიანებს, ვინც სფეროდან გავიდა. თუ ინტერესი არ ექნათ, არ იმუშავებენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. როგორც კი სტაბილურობის განცდა და ანაზღაურება გაჩნდება, ყველა დაბრუნდება თავის ადგილას“, - ამბობს ქეთი მელაძე.

კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს ამ მხრივ მთავრობის, ტურიზმის ადმინისტრაციის, ან ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ქეთი მელაძე ამბობს, რომ მათი როლი არის იარონ გამოფენებზე და ამას აკეთებენ, ქვეყანას ცნობადობა უნდა ჰქონდეს და ეს ასეც არის. „ერთადერთი, რაც გვჭირდება არის სიმშვიდე ქვეყანაში, დაცულობის განცდა და სწორი გზავნილები მსოფლიოში. ეს ევალება სახელმწიფოს. დანარჩენად, ბიზნესი მიხედავს თავის თავს“, - ამბობს მელაძე.

ქვეყანაში სიმშვიდის ნაწილში კოლეგას ეთანხმება სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, თუმცა ის ასევე სახელმწიფოს როლს ხედავს კადრების დატრენინგება-გადამზადებაში.

„მთავრობა საერთოდ არაფერ შუაშია, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? ერთადერთი, უნდა დააფინანსოს ტრენინგები. ამ მთავრობის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ მთლიანად პანდემიაზე ვართ დამოკიდებული. ერთადერთი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის, რომ დააფინანსოს ტრენინგები, უწყვეტად“, - ამბობს ალავერდაშვილი.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს და გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის აღდგენაში ამის როლს.

„რეალურად, ახლა გვაქვს კადრების დეფიციტი ისედაც, რადგან ჩვენ არ გვენდობიან, არ იციან ისევ გავიხსნებით, დავიკეტებით, თუ რას ვიზამთ. ასევე, კვალიფიციური კადრების 30% წავიდა ყატარში, რაც ძალიან კარგია თავად ამ ადამიანებისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან როცა ეს ხალხი დაბრუნდება, უკვე კარგად დარტენინგებულები იქნებიან. თუ ვინმე იმდენს მიაღწევს, რომ იქ დარჩება, ეგ კიდევ უკეთესი, ხოლო ვინც დაბრუნდება, მათი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება. ჯერჯერობით ჩვენ ვართ არამყარ ნიადაგზე, არ ვიცით როდის რა იქნება, ვერც ვპირდებით კადრებს სტაბილურობას.

სიტუაციიდან გამოსავალი არ ვიცი, ასეთი ფორმულა არ არსებობს. დეფიციტის პრობლემა ახლა თბილისში მით უმეტეს არ დგას, თუმცა ეს დაიწყება სეზონის დაწყებასთან ერთად. პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება ბუმი ტურიზმის, აი სწორედ მაშინ შეგვექმნება კადრების პრობლემა. სიტუაციიდან გამოსავალი ამ ეტაპზე არ ვიცი, ვერავის ვერაფერს ვურჩევ, ან ვპირდებით, თუმცა რაც უფრო მყარად დადგება სექტორი, მეტ გარანტიას მისცემს დასაქმებულს და უფრო ადვილად დავიბრუნებთ დაკარგულ კადრებს“, - ამბობს ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები