მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ამოქმედების 2 ფაქტორი - ვატო ასათაშვილის მოსაზრება

6051f828ebcc2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.21 09:30
880
კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელ ვატო ასათაშვილს ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები აქვს. BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ტურიზმის ამუშავებისთვის აუცილებელ 2 პირობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ არ გამართლდა ის მოლოდინები, რაც გასულ წელს ინდუსტრიის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

„მოლოდინები ძალიან პესიმისტურია. გასულ წელს აპრილ-მაისში გვაიმედებდნენ, რომ ქვეყანა პირველი „მწვანე დერეფანი“ იქნებოდა, საბოლოო ჯამში კი, ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა აღმოვჩნდით და კოვიდის მეორე ტალღით მძიმე დარტყმა მივიღეთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. იმისთვის, რომ ბიზნესი და შესაბამისად, ტურიზმი ამოქმედდეს, პირველი უმთავრესი ფაქტორი მასობრივი ვაქცინაციაა, რომელიც ჩემი აზრით, სათანადოდ არ მიმდინარეობს; მეორე ფაქტორია კონკრეტულად გაწერილი გეგმის არსებობა - ამაში შედის შეზღუდვების მოხსნა, რაც "კომენდანტის საათის" გაუქმებას გულისხმობს და ასევე სტარტაპ-პროექტების ხელშეწყობას. ჩვენ ვიცით, რომ რესტორნების ფინანსური მხარდაჭერა დაანონსდა, მაგრამ ტურიზმის დარგში უამრავი სხვა კომპანიაა, რომელიც უკვე ერთი წელია გაჩერებულია. როგორ დაიწყებენ ისინი მუშაობას, რა შეღავათები ექნებათ იმისთვის, რომ ამოქმედება შეძლონ, ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ვატო ასათაშვილი.

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში მთავარი როლი ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

„კერძო სექტორმა რაც არ უნდა გარანტიები მივცეთ უცხოელ პარტნიორებს, ეს ვერ იქნება სახელმწიფო გარანტიები; თუ საქართველო საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში იქნება, ვერავის დავარწმუნებთ, რომ ჩამოვიდნენ, ამიტომ ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია. წლების წინ საქართველო იმ ქვეყნების სიაში იყო, სადაც კრიმინოგენური ვითარება რთული იყო და თავდაუზოგავი შრომა დაგვჭირდა, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩამდგარიყო - ეს 2008-2009 წლებში ხდებოდა. ანალოგიურად, დღეს სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ Covid-უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სტატუსი ოფიციალურად უნდა მივიღოთ. ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ამ მხრივ ბიზნესის როლზე. სანამ საქართველოს წითელი ზონის სტატუსი ექნება, ტურიზმის მასიურად აღდგენაზე საუბარი ზედმეტია“, - აცხადებს ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები