საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს დაიწყო. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარაში რიგი ღონისძიებებიც გაიმართა. სეზონის გახსნას კი წინ სახმელეთო საზღვრების გახსნა, კომენდანტის საათის გადაწევა და რესტორნების სრულად ამოქმედება უძღოდა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ყოველკვირეული ბრიფინგების დროს აცხადებენ, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში 2021 წლის მიზანი 2019 წლის მაჩვენებლების 50%-ით შესრულებაა, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის გააქტიურებას გულისხმობს. „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დინამიკა ეტაპობრივად უმჯობესდება და ვიზიტების რაოდენობამ მაისში 96.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 23%-ს უტოლდება.
კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია, რომელიც სასტუმროებს მთის კურორტებზე და თბილისში მართვას, აცხადებს, რომ დღეს არსებული ავიარეისების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში საკმარისი არ არის.
„ტურიზმის ინდუსტრიის გადარჩენა ავიარეისების დამატებითაა შესაძლებელი. სახელმწიფოს მიზანი 2019 წელს არსებული რეისების 50%-ით აღდგენაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. რაც შეიძლება მეტი რეისი უნდა დაემატოს. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რეისებია, აგრესიული მარკეტინგული კამპანიაა საჭირო“, - ამბობს ერეკლე კოკაია.
მისი თქმით, წელს ზაფხულის სეზონზე მთის კურორტებზე გუდაურში დაბალი აქტივობაა, ხოლო ბაკურიანში ადგილობრივების ხარჯზე დატვირთვა შედარებით დიდია.
„ბაკურიანში სასტუმროს დატვირთულობა დაახლოებით 80% გვექნება, ხოლო გუდაურში 30%-იანი დატვირთულობა იქნება. ფასებიც დაბალია. სანამ ტურისტების რაოდენობა არ მოიმატებს ასეთი დატვირთულობით ვიმუშავებთ.
უცხოური ქვეყნების ჯავშნებიდან არაბული ქვეყნები ლიდერობენ, თუმცა მოგვიანებით ველოდებით რომ ჯავშნები პოლონეთიდანაც შემოვა“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ დღეს ბაზარზე სასტუმროების რაოდენობა თითქმის იგივეა, ტურისტების რაოდენობა კი გამესამედებულია. იმისთვის რომ სასტუმროებმა მიმზიდველობა შეინარჩუნონ, განთავსების ღირებულების შემცირება უწევთ.
„იმისთვის, რომ მიმზიდველები ვიყოთ, დაბალ ფასებს ვინარჩუნებთ. დღეს ფასები გუდაურში 40-50 დოლარია, მაშინ როდესაც 60-80 დოლარი იყო ხოლმე. ამ პირობებში ზამთრის გაჩერებული სეზონის გამო მიღებული დანაკლისის ამოღებაზე, ან რაიმე მოგებაზე საუბარი არ გვაქვს. ვფიქრობთ, ამ დატვირთვით და ფასებით დასაქმებულების შენარჩუნებას შევძლებთ. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ტურისტულ კომპანიებს, რომ ტურისტები მაქსიმალურად მოიზიდონ და ვთვლით, რომ დაბალი ფასებით ეს უფრო შესაძლებელი იქნება“, - თქვა კოკაიამ.