მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას თქმით, ფინანსური ზონების კონცეფცია მზად წლის პირველ ნახევარში იქნება

61e6a7ce965c0
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 16:45
855
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, თავისუფალი ფინანსური ზონების სრულყოფილი კონცეფცია მზად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იქნება. როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტზე აქტივების მმართველ და საინვესტიციო კომპანია Rothschild & Co-სთან ერთად მუშაობენ.

საქმე ის არის, რომ "საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის" სტრატეგიის მომზადების და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Rothschild & Co-ს ხელმძღვანელმა არიელ მალარდ დე როტშილდმა ხელი გასული წლის 16 დეკემბერს მოაწერეს და როგორც გუშინ, 17 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, Rothschild-ის დელეგაცია საქართველოს ერთ კვირაში ეწვევა.

ნათია თურნავამ დღესაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განსაკუთრებული სამართლებრივი და დაბეგვრის წესები იმოქმედებს.

„რა შინაარსით შეივსება ეს ზონა, რადგან სპეციალური საკანონმდებლო გარემო უნდა შეიქმნას, ამაზე Rothschild-ის ჯგუფთან ერთად [ვმუშაობთ] და ვფიქრობ, წლის პირველ ნახევარში უკვე სრულყოფილი კონცფეფცია გვექნება. ზოგადად, მსგავსი ზონები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: პირველია სამართლებრივი - საერთაშორისო დავების გადამწყვეტი გარემო ფინანსური კომპანიებისთვის, რადგან ამ ბიზნესს საკუთარი სპეციფიკა გააჩნია. უნდა იყოს და იქნება უფრო მარტივი მარეგულირებელი გარემო, ზოგ შემთხვევაში ეს გარემო არ არსებობს და შესაქმნელია. მაგალითად, ფინტეკისთვის გვაქვს, თუმცა შეგვიძლია მეტად ლიბერალური შევთავაზოთ და მესამე - ფისკალური ანუ საგადასახადო რეჟიმის თვალსაზრისით შეიძლება იყოს გარკვეული შეღავათები დაშვებული”, - აცხადებს ნათია თურნავა.

მთავრობის ინფორმაციითვე, თავისუფალი ფინანსური ზონები თბილისში (თბილისის ზღვის ტერიტორია) და აჭარაში (გონიოში) განთავსდება.

„ადგილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ეს შესაძლოა იყოს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ამიტომ ვსაუბრობ მასზე. კიდევ ერთი ცენტრის შექმნის შესაძლებლობაა გონიოში. აქ განსაზღვრულია, რომ ეს უნდა იყოს მსხვილ ურბანულ ცენტრთან ახლოს ამ შემთხვევაში თბილისი და ბათუმი, ამავე დროს უნდა იყოს საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს, რადგან საუბარია იმაზე, რომ მსხვილი ინვესტორები ჩამოვიდნენ მარტივად ქვეყანაში. ეს უნდა იყოს ცალკე ტერიტორია, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით იქნება განაშენიანებული. ამიტომ, შეირჩა ეს ორი ადგილი”, - თქვა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სპეციალური ფინანსური ზონა "ბოლო თაობის" იქნება 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები