თურქეთი სომხეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს. როგორც Reuters წერს, ანკარამ შაბათს ბიუჯეტური სომხურ ავიაკომპანიას FlyOne Armenia-ს საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება არ მისცა.
როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა არან ანანიანმა სომხურ გამოცემას უთხრა, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გაფრთხილების გარეშე გაუუქმა ნებართვა, რის საფუძველზეც თურქეთის ტერიტორიას სომხურ ავიაკომპანიას ევროპაში ფრენებისთვის ტრანზიტად იყენებდა.
დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სომხური ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა დაადასტურა და ამის მიზეზად გასულ კვირაში სომხეთში გახსნილი მონუმენტი დაასახელა. მონუმენტი უკავშირდება ოსმალეთის იმპერიაში სომხეთა მკვლელობას, რასაც სომხეთი გენოციდად მიიჩნევს.
თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ მკვლელობები სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იყო და არ წარმოადგენდა ოსმალეთის მთავრობის გეგმას სომეხთა განადგურებაზე.
ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ სომხური მხარე მონუმენტს არ აიღებს, ანკარას სხვა ზომებსაც მიმართავს.