მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ ₾1 მლნ გამოყო

63e5e9976c749
BM.GE
10.02.23 10:47
909
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი გამოიყო, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

"განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.

“მინდა გამოვთქვა ვჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, გამანადგურებელმა მიწისძვრამ, თურქეთსა და სირიაში, ამ დროის მონაცემებით 16 000-ზე მეტი ადამანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე თურქეთის ქალაქ გაზაინთეფთან, სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 000 გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები