თხევადი გაზის ასოციაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პასუხობს. საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარემ რეკორდული რაოდენობის უაქციზო გათხევადებული გაზის შემოტანის შესახებ ეჭვი გამოთქვა და საქართველოს პარლამენტსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თანამშრომლობა შესთავაზა. თავის მხრივ, BM.GE-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, რომ გათხევადებული გაზის რეალიზატორი სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის თავის არიდების ფაქტზე გამოძიება 13 თებერვალს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო სამსახური არ აკონკრეტებს არც კომპანიებს და არც მათ ხელმძღვანელ პირებს.
თხევადი გაზის ასოციაციის აზრით, თუ BAG-ის მიზანია, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი - 2901-ც (ნახშირწყალბადები აციკლური) დაიბეგროს აქციზის გადასახადით, ისევე როგორც კოდი 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნხაშირწყალბადი), საბოლოო ჯამში, ეს გადასახადი მომხმარებლის გადასახდელი გახდება, რაც უფრო დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.
თხევადი გაზის ასოციაციის განცხადებას Bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 07 მარტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელის, შავლეგ მიშველაძის მიერ გავრცელდა განცხადება, რომელიც ეხებოდა თხევადი გაზის (LPG) საქართველოში იმპორტისას აქციზის გადასახადის თავის არიდებას. კონკრეტულად, უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ, აქციზური პროდუქტის იმპორტის განხორციელებას. ასევე სტატიაში საუბარია ამ „გაუგებარი პროდუქტის“ იმპორტის რეკორდულ ზრდაზე.
საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირება, ვინაიდან მიგვაჩნია რომ სტატიაში არასწორი ინტერპრეტაციით ხდება შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება. სამწუხაროდ, სტატიის ავტორი, დაუსაბუთებელი ეჭვების საფუძველზე, განიხილავს და საზოგადოებას აწვდის ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც აზიანებს ბაზარზე კეთილსინდისიერად მომუშავე იურიდიული და ფიზიკური პირების რეპუტაციას. ასეთი შინაარსის ბრალდებები აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული უტყუარი მტკიცებულებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორის მხრიდან უხეშად ირღვევა კეთილსინდისიერი იურიდიული და ფიზიკური პირების პირადი უფლებები, უსაფუძვლოდ ილახება მათი რეპუტაცია და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი საქმიანობა. ამავდროულად ადგილი აქვს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობას. სტატია ემსახურება ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) იმპორტიორთა და რეალიზატორთა ცალკეული ნაწილის აშკარა ინტერესს.
სტატიას ლაიტმოტივად გასდევს თითქოს ცალკეული ბიზნეს სუბიექტები შესაბამისი უკანონო ქმედებებისა და კანონის გვერდის ავლით ახდენენ ,,გაუგებარი პროდუქტის“ იმპორტს ქვეყანაში. თხევადი გაზის ასოციაციის განმარტებით, ასეთი სახის დაუსაბუთებელი, ტენდენციური და მიზანმიმართული განცხადებები საზიანოა, ქვეყანაში კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ისედაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას შეექმნა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები.
თხევადი გაზის არსებობა და შიდა ბაზარზე მისი წილის გაზრდა როგორც ალტერნატიული ენერგომატარებლის წყარო საავტომობილო ტრანსპორტისათვის, განაპირობებს ქვეყნის გარეთ მისი შესყიდვის დროს გაცილებით ნაკლები თანხის (ვალუტის) გადინებას, ვიდრე ეს ესაჭიროება შესაბამისი ენერგომოცულობის საავტომობილო ბენზინის შესყიდვას. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, დადებითად მოქმედებს ქვეყანაში ლარის ეროვნული კურსის გაუმჯობესებაზე და სტაბილურობაზე რაც დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.
საქართველოს თხევადი გაზის ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს რომ ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელის შავლეგ მიშველაძის მიერ სტატიაში ,,გაუგებარ პროდუქტად“ მოხსენიებული 2901 10 000 00 სასაქონლო ნომენკლატურის კოდის მქონე პროდუქტი წარმოადგენს თხევადი გაზის ნაირსახეობას, რომლის იმპორტიც საგადასახადო კოდექსის თანახმად არ იბეგრება აქციზით. შესაბამსად, თუკი საქონელი არ ექვემებარება აქციზით დაბეგვრას, ცილისმწამებლურია განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი.
როგორც მოგეხსენებათ, საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს შემოსავლების სამსახურის მიერ დეტალურად მოწმდება წარდგენილი დოკუმენტაცია და დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო ნომენკლატურის კოდების შესაბამისობა. ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, არაერთგზის შემოწმდა ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ზემოთხსენებული სასაქონლო კოდის მქონე პროდუქტების (საქონლის) იმპორტს. შემოსავლების სამსახურმა დეტალურად შეისწავლა სასაქონლო ნომენკლატურის კოდებთან დაკავშირებული საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ ფიქსირდება არანაირი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტების მხრიდან, რაც ასახულია შესაბამის დასკვნებში.
განვმარტავთ, რომ თავის მხრივ, სტატიაში მითითებული 2901 10 000 00 სასაქონლო ნომენკლატურის კოდის მქონე პროდუქტი, მისი ქიმიური შემცველობით, არის ნახშირწყალბადი და წარმოადგენს აირის კონდენსატს ანუ თხევად გაზს, საერთაშორისო აბრევიატურით - "LPG”, რომელიც გამოიყენება საავტომობილო საწვავად, ასევე საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად თხევადი აირის -"LPG”-ს, როგორც საწვავის რეალიზაცია აკრძალული არ არის და ნებისმიერ სახის დაუსაბუთებელი განცხადება, აპელირება "გაურკვეველ პროდუქტზე" დაინტერესებული სუბიექტების მხრიდან, აღქმულია როგორც ცილისწამება და დისკრედიტაცია.
ასევე, თუ სტატიის შინაარსი ისახავს მიზნათ გაუწიოს ინიცირება შესაბამის ინსტანციებში მითითებულ სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე 2901 10 000 00 აქციზის გადასახადის შემოღების საკითხს, ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საბოლოო ჯამში ეს გადასახადი მომხმარებლის გადასახდელი გახდება, რაც უფრო დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას“.