მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულში წარმოებული ჩაი, შესაძლოა, ექსპორტზე გერმანიასა და საუდის არაბეთში გავიდეს

63e36dd8accb1
სალომე ხიდურელი
11.02.23 19:50
2366
ჩაის კომპანია „ბუეთი“ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ტყიბულში განთავსებული პლანტაციებიდან ქარხანა ექვსი სახეობის ჩაის აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი მინდია ძნელაძე BM.GE-სთან ყვება, რომ ბუეთის ჩაი ექსპორტზე გასვლასაც  გეგმავს.

„ახლახანს ვიყავით ბერლინში, სადაც მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან ვაწარმოეთ, რათა ექსპორტზე გერმანიაში გავიდეთ. ასევე, USAID-ის ხელშეწყობით შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს საუდის არაბეთიდან. მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ", - აცხადებს მინდია ძნელაძე.

კითხვაზე - რამდენად აქვს ადგილობრივი წარმოების ჩაის იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლების პოტენციალი, კომპანიის წარმომადგენელი აქცენტს ხარისხზე აკეეთებს.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველო ჩაით ამარაგებდა აღმოსავლეთ ევროპის, დაახლოებით, 90%-ს. ვფიქრობ, სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად, მსგავს დატვირთვას გავუძლებთ. გვაქვს იმის საშუალებაც, კონკურენცია გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის უცხოურ ჩაის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან", - განმარტავს მინდია ძნელაძე.

ინფორმაციისთვის, „ბუეთის“ ჩაის 30-მდე თანამშრომელი ჰყავს; ჩაის კრეფის პროცესში კი დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია. კომპანია ამჟამად 5-დან 7-ტონამდე ჩაის აწარმოებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ USAID-ის პროგრამებთან, რომლებიც მათ ქარხნის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაში ეხმარებიან; სწორედ ამის საშუალებით კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავს.

„ბუეთის ჩაის“ საწყისი ინვესტიცია $1 მილიონი დოლარია. ამჟამად პროდუქტის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე "გუდვილის", "აგროჰაბის", "ევროპროდუქტებისა" და "წერტის" ფილიალებშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები