მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის შსს 9.6 მილიონად 10 სახანძრო მანქანას ყიდულობს

6458e12c126b6
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.23 15:59
542
შსს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის 10 ერთეულ მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანას გამარტივებული შესყიდვით შეიძენს - ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განმარტების მიხედვით, სახანძრო მანქანების შესაძენად უწყებამ 2023 წლის 7 თებერვალს აუქციონიც გამოაცხადა, თუმცა აღნიშნული აუქციონი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის გამო გადაწყდა, რომ ზაფხულის სეზონის დადგომამდე უწყებამ შეიძინოს სახანძრო მანქანები და ეს შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელოს. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ მათი სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი 20 წელზე მოძველებულია.

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში გახშირდა მასშტაბური ტყის ხანძრები. 2022 წლის ზაფხულის პერიოდში ბორჯომის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისის შემოგარენში თითქმის ერთდროულად გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრების ლიკვიდაციის პროცესის შეფასებამ აჩვენა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით ესაჭიროება მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილები.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მთაგორიანი რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტებში ტყის ხანძრებზე რეაგირებისას წყლით უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ახალი სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ არის საკმარისი მასშტაბური ტყის ხანძრების გამკლავებისთვის, ხოლო მოძველებული სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოქმედი მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკის 48 %-ს შეადგენს და არის 20 წელზე მეტი წლოვანების, მათ შორის არის როგორც საბჭოთა, ასევე უცხოური წარმოების ავტომანქანები, შესაბამისად შეუძლებელია მთაგორიანი რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტებში ტყის ხანძრებზე რეაგირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა წყლის მიწოდება ხდება შორი მანძილიდან და ავტომანქანებს უწევთ რთულ რელიეფზე გადაადგილება, რაც დამატებით დროს მოითხოვს და ხელს უშლის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამასთანავე ზემოხსენებული მოძველებული სახანძრო ავტომანქანები ხშირად გამოდის მწყობრიდან და დღესდღეობით იდენტური ავტომანქანების, ასევე მისი ნაწილების და მასზე დამონტაჟებული ზედდგმული დანადგარების დეტალების წარმოება შეჩერებულია, რაც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს სამსახურისთვის, რის გამოც ხშირად იქმნება დეფიციტური ნაწილების პრობლემა და კომპანიებს უწევთ, როგორც სხვადასხვა ქვეყნის მარაგებში მოძიება, ასევე უშუალოდ ქარხანა დამამზადებლისთვის მიმართვა და სპეციალურად შეკვეთით ნაწილის დამზადება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ხშირად ხდება, რომ ტენდერის ჩატარება და ტექ.მომსახურების გაფორმება ჭიანურდება. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დამატებით ესაჭიროება არანაკლებ 10 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესყიდვის განხორციელების მიზნით შემუშავდა ოპტიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეძლებენ რთული რელიეფის პირობებში მოახდინონ სწრაფი და ეფექტური რეაგირება. აქვე მოგახსენებთ, რომ ახალი სახანძრო ავტომანქანები გადანაწილდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები