Uber-ი მფრინავი ტაქსების ბიზნესს კალიფორნიაში დაფუძნებულ Joby Aviation-ს მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, გარიგების ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ Uber-ი, თავის მხრივ, 75 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორცილებს Joby Aviation-ში, რაც მათ სამომავლო თანამშრომლობას მოიაზრებს.
”ეს გარიგება საშუალებას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა Joby Aviation-თან, ისინი ამ სფეროში აშკარად ლიდერები არიან. ამ გზით ვცდილობთ დავაჩქაროთ მაღალი ტექნოლოგიებისკენ მიმავალი გზა”, - განაცხადა Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროშაჰიმ.
გამოცემის მიხედვით, Uber-ის ბოლო გადაწყვეტილებები, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების და მფრინავი ტაქსის ბიზნესის გაყიდვას გულისხმობს, ხარჯების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Uber-ი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და მესამე კვარტალიც 625 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალით დახურა, მაგრამ კომპანია ინვესტორებს ჰპირდება, რომ 2021 წლისთვის Uber-ი მოგებაზე გავა.