მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმა დასრულდა – შვეიცარიაში ახალი საბანკო ტიტანი დაიბადა

6486e5cc7e45e
გიორგი თოლორდავა
13.06.23 00:00
2381
დღეს საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში ახალი ტიტანი დაიბადა, ამ მასშტაბის გარიგება მსოფლიოს 2008 წლის შემდეგ არ უნახავს. შვეიცარიულ გიგანტებს შორის შერწყმის პროცესი ოფიციალურად დასრულდა, Credit Suisse-მა დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა, მისი მფლობელი კი UBS გახდა.

167-წლიანი საქმიანობის შემდეგ, Credit Suisse-ის დამოუკიდებელი საქმიანობა დასრულებულია, შვეიცარიული ბანკი ახლა უკვე მთავარი კონკურენტის შვილობილი კომპანიაა. შერწყმის მიუხედავად, Credit Suisse-ის ბრენდი ისევ გააგრძელებს ოპერირებას და მას ცალკე დირექტორთა საბჭოც ეყოლება, თუმცა თავად კომპანია UBS-ის ქოლგის ქვეშ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ UBS-ის მფლობელები მიიღებენ.  

მარტის მიწურულს შვეიცარია უმწვავესი ფინანსური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა, Credit Suisse-ი ფაქტობრივად გაკოტრდა. გადახდის უუნაროდ დარჩენილი უმსხვილესი ბანკი კი მთელი ევროპისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ამ ყველაფრის ფონზე, შვეიცარიის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და UBS-ს დაავალა, Credit Suisse-ი გამოესყიდა, თანაც ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც 24 საათში მიეღო.

UBS-ის ხელმძღვანელობა Credit Suisse-ის შეძენაზე დათანხმდა, გარიგების მოცულობამ კი 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს გარიგება მოიცავს: შვეიცარიული ბანკის აქტივებს, პორტფელსა და ვალდებულებებს. საერთო ჯამში, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჰოლდინგის აქტივების საერთო მოცულობა კი 5 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გარიგების წყალობით შვეიცარიამ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო გაერთიანება მიიღო.

სანამ UBS-ის მომავალზე ვისაუბრებდეთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რამ მიიყვანა Credit Suisse-ი ფაქტობრივ კოლაფსამდე. 167-წლიანი ისტორიის მქონე ბანკის კრახი არაერთი მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად Credit Suisse-ის მენეჯმენტს და სამოქმედო სტრატეგიას უკავშირდება.

რეალურად, Credit Suisse-ის პრობლემები სათავეს საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს, წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს ფულის გათეთრების შემთხვევები, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევები თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.

Credit Suisse-მა ზეობის მწვერვალს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საფონდო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ Credit Suisse-ის დაღმასვლის ისტორია იწყება, რომელმაც წელს კულმინაციურ წერტილს მიაღწია, რასაც ყველაზე კარგად მისი $3.2-მილიარდიანი კაპიტალიზაცია გამოხატავს, რაც ვარდნის 97%-იანი მაჩვენებელია.

შვეიცარიული ბანკის კაპიტალიზაციის მკვეთრი შემცირება რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გლობალური საინვესტიციო ბანკების მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პრაქტიკის დასრულებას უკავშირდება. 2005-2008 წლებში Credit Suisse-ი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის გამო კი აღნიშნული პრაქტიკით მიღებული ზარალის მოცულობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გარდა ფინანსური ზარალისა, Credit Suisse-ის წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდება. 2008 წლის კრიზისს მალევე მოჰყვა ბაზელის კონვენციის მიერ ახალი საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელმაც ყველა მსხვილს საინვესტიციო ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულა საქმიანობა, განსაკუთრებით კი Credit Suisse-ს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა უკანონობის ზღვარს მიღმა.

2022 წელს ბანკი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით იყო განპირობებული. კომერციული თუ საინვესტიციო ბანკებისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ასეთი მკვეთრი ცვლილებებია, რასთანაც ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება. იაფიდან ძალიან ძვირ ფულზე სწრაფად გადასვლამ არასათანადოდ მომზადებული ბანკები, მათ შორის, Credit Suisse-იც კოლაფსამდე მიიყვანა.

2022 წელი Credit Suisse-მა $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც გაუარესებული საოპერაციო შემოსავლებით და კომპანიის ახალი მენეჯმენტის „რადიკალური რესტრუქტურიზაციის“ სტრატეგიით იყო განპირობებული. საქმე ისაა, რომ გასულ წელს კომპანიას სათავეში ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ულრიხ კორნერი ჩაუდგა, რომელიც გეგმავდა, რომ შვეიცარიული ბანკის ძირითადი პროფილი შეეცვალა.

რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ არაერთი სასამართლო დავის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც Credit Suisse-ს $1 მილიარდამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, Credit Suisse-მა აშშ-ში აქტივების მართვის დეპარტამენტის გაყიდვის და ქვეყნის ბაზრიდან გასვლას გადაწყვეტილებაც მიიღო.

რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ინვესტორებმა და კლიენტებმა ნეგატიურად მიიღეს, რაზეც არაერთი ფაქტორი მიუთითებს. ნახევარ წელიწადში კლიენტებმა Credit Suisse-დან თითქმის 100 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს და ანგარიშების მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდ დახურეს. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის Credit Suisse-ს დამატებითი კაპიტალით არ დაეხმარებოდა და ბანკს თავად მოუწევდა ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება.

ამ ყველაფრის ფონზე, Credit Suisse-ი ლიკვიდობის კრიზისისა და გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა, ფინანსური კრიზისის თავიდან ასარიდებლად და მსხვილი ბანკის გადასარჩენად კი შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა $54-მილიარდიანი შეღავათიანი სესხიც გამოყო, თუმცა Credit Suisse-ის გადასარჩენად ესეც ვერ აღმოჩნდა საკმარისი.

ნდობადაკარგული და რეპუტაციაშელახული ბანკის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომაც ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა, დახმარების თხოვნით UBS-ისთვის მიემართა. სავარაუდოდ, ზემოაღნიშნულ 3.2 მილიარდ დოლარს თავად შვეიცარიის მთავრობა გადაიხდის, რადგან გარიგების წარმატებით დასრულების მიზნით, ცენტრალური ბანკი UBS-ზე $108-მილიარდიან სესხს გასცემს, თანხა კი Credit Suisse-ის ვალდებულებების დაფარვას და ახალი ბანკის რესტრუქტურიზაციას უნდა მოხმარდეს.

გარდა იმისა, რომ შვეიცარიის საბანკო-საფინანსო სისტემა რთული ვითარებაშია, ქვეყანაში კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება, რომელიც UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომპანია იქნება, რომლის კონტროლ ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკაზე ორჯერ დიდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბანკის გადარჩენას ვეღარც შვეიცარიის მთავრობა შეძლებს, ქვეყანა კი ნამდვილი ფინანსური არმაგედონის წინაშე აღმოჩნდება.

ექსპერტების შეფასებით, ამ ბანკების შერწყმა ქვეყნის ბაზარზე აბსოლუტური მონოპოლიის შექმნას გამოიწვევს, რომლის გამართულად ფუნქციონირებაზე შვეიცარიის მომავალი პირდაპირ იქნება დამოკიდებული, ისევე როგორც ეს Aramco-სა და საუდის არაბეთის შემთხვევაშია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები