მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩა სეთური "ოუფენ ნეტის“ მიერ ბიუჯეტის ვერათვისებას მსოფლიო ბანკის პროცედურებით ხსნის

61a0d1fb985c2
მარიამ ვარადაშვილი
26.11.21 19:05
1001
2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებით, 22.6 მილიონი ლარით მცირდება ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-in Georgia-ს დაფინანსება, რასაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის კრედიტით ახორციელებს. "ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ბიუჯეტის დაბალ ათვისებას წინასატენდერო დოკუმენტაციის მომზადების გაჭიანურებით ხსნის. “რაც შეეხება აუთვისებელ თანხას ჩვენ პროგნოზი გვქონდა, რომ მსოფლიო ბანკის პროექტ log-in Georgia-ს ფარგლებში უფრო ჩქარა გამოცხადდებოდა ტენდერები, მაგრამ წინასატენდერო სამუშაოებმა წაიღო გარკვეული დრო. ეს იყო საქართველოს მასშტაბით კონცეპტუალური დიზიაინის მომზადება, ზუსტი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება”, - აცხადებს სულაბერიძე.

რატომ გაჭიანურდა წინასატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და რატომ ვერ ხდება მიმდინარე წლისთვის განსაზღვრული თანხის ათვისება? - bm.ge-ს ამ კითხვაზე პასუხად მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური აცხადებს, რომ მიზეზი მსოფლიო ბანკის რთული პროცედურებია, თუმცა მისივე თქმით, აუთვისებელი თანხა, რომელიც პროექტს წლევანდელი ბიუჯეტიდან მოაკლდება, მომავალი წლის ბიუჯეტში გადავა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ გაგრძელდება.

“ტენდერები გამოაცხადეს, თუმცა თანხა არ შემცირებულა, რადგან მსოფლიო ბანკის დაფინანსებაა ამ პროექტისთვის. სავარაუდოდ, შემდეგი წლისთვის გადაიტანენ, რადგან წელს შესაბამისი ტენდერები გამოცხადებული არ იყო. ანუ გამოდის რომ თანხა არ შემცირებულა - გეგმა გეგმად დარჩა, უბრალოდ, ამ ეტაპზე ამ თანხას ჩვენი ინფორმაციით, შემდეგი წლისთვის გადაიტანენ, რადგან სხვა შემთხვევაში პროექტი ვერ გაგრძელდება. ტენდერებს ჩვენც ვაკვირდებით, გურიაში უკვე დასრულდა ორი პროექტი, ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სრულდება. ჩვენი წევრები, რომლებიც იქ “ოუფენ ნეტთან” მუშაობენ, ამბობენ, რომ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და მათი დაშვება ქსელთან ხდება”, - აცხადებს სეთური.

სეთური ასევე ამბობს, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში “ოუფენ ნეტი” ინფორმაციის გაცემის კუთხით მეტად ღიაა, ამავე დროს ტენდერები ისე იყო “გამსხვილებული”,  მცირე ოპერატორებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე მონაწილეობის მიღება უჭირდათ და ახლა ამ მიმართულებით ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

“ვინაიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორცილდება პროექტი, სატენდერო პროცედურები საკმაოდ რთულია ვადების კუთხითაც. სამაგიეროდ დაცულია შემსყიდველი - ამ შემთხვევაში “ოუფენ ნეტი”. შედეგად, რაც შეიძლება ოპტიმალურ ფასად აშენებულ ქსელს მივიღებთ, ამიტომ ნამდვილად არის მიზეზი მსოფლიო ბანკის პროცედურები, თუმცა ეს მოცემულობაა, უნდა მივიღოთ და შევასრულოთ”, - აცხადებს სეთური.

ე.წ. “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაანონსა, თუმცა თითქმის 5 წლის განმავლობაში პროექტი წინ არ წასულა. პროგრამაზე შედარებით აქტიურად მუშაობა მხოლოდ 2020 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულებით 40 მილიონი დოლარის სესხის დამტკიცების შემდეგ დაიწყო. პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ ცალკეულ რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელების გაყვანის ვალდებულება აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები