მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უფრო მეტად ვენდობი მერიის სპეციალისტებს და ექსპერტებს" - მერია ცათამბჯენების კრიტიკოსებს პასუხობს

ვიცე-მერი

ყველაფერი დასაბუთებულია და არცერთი პროექტი კოლაფსს არ გამოიწვევს, - ასე პასუხობს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც თბილისში ცათამბჯენების აშენებას ითვალისწინებდა.

საქმე ის არის, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, "ქართულმა ოცნებამ" 25 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რომელიც დედაქალაქში ცათამბჯენების აშენებას უკავშირდებოდა, მათ შორის - "სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და რკინიგზის სადგურთან, ასევე დიდ დიღომში კორპუსების მშენებლობას. გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ექსპერტები, ასევე გენგეგმის ავტორები.

„გენგეგმის ავტორები ჩართული იყვნენ გენგეგმის შექმნის პროცესში.  გენგეგმასთან შეუსაბამო დოკუმენტს კი არ და ვერ დავამტკიცებთ. არსად წერია, რომ გენგეგმის ავტორები უნდა იყვნენ ჩართულები რაიმე მსგავს პროცესში. თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს მერიაში, ან საკრებულოში და დაესწროს საკითხების განხილვას. პირადად მე არ მომისმენია გენგეგმის არც ერთი ავტორის პოზიცია რომელიმე გრგ-სთან დაკავშირებით, რომ ვიცოდე რას ამბობენ, ცხადია, პასუხიც მექნებოდა. მაგრამ ასეთი მოცემულობით გამიჭირდება მოსაზრების გამოთქმა.

ექსპერტების და გენგეგმის ავტორების ჩართულობის საჭიროება არ დგას, კვალიფიციური ადამიანები დოკუმენტებს გენგეგმის შესაბამისად ადგენენ. თქვენ კითხვას მისვამთ ექსპერტების მოსაზრებებზე, რომლებიც არ წამიკითხავს, არ მომისმენია და არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტად ვენდობი ჩემს სპეციალისტებს და ექსპერტებს, რომლებიც მერიაში მუშაობენ და საკრებულოში გვყავს ურბანულ კომისიაში. მათი მოსაზრებების და შენიშვნების მიხედვით განვიხილავთ დოკუმენტებს და შემდეგ ვამტკიცებთ. ასეთი ზოგადი წარმოდგენა, რომ მშენებლობა გამოიწვევს კოლაფსს - ძალიან რადიკალური მოსაზრებაა. მე გეუბნებით, რომ ყველაფერი დასაბუთებულია და არცერთი პროექტი კოლაფსს არ გამოიწვევს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, თბილისის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ქალაქ-გეგმარებითი თვალსაზრისით სრულად გამართულია.

„თითოეულ პროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, თან ახლავს ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა. ყველაფერი არის დაცული და გათვალისწინებული. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ რა ტიპის გეგმარებითი დოკუმენტები გაიცემოდა 10 წლის წინ როგორი გეგმარებითი დოკუმენტები წარვადგინეთ ჩვენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 4 წლის წინ დამტკიცებული გენერალური გეგმა ითვალისწინებს ქალაქში განაშენიანებას და ქალაქში სხვადასხვა სივრცეების განვითარებას. არც ერთი დოკუმენტი არ ამბობს, რომ თბილისში აღარ უნდა მოხდეს განაშენიანება, განაშენიანება უნდა მოხდეს, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სწორად. დოკუმენტების გამართულობასთან დაკავშირებით მერიაშიც და საკრებულოსთანაც ვმსჯელობთ. ოპოზიცია კი ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის მშენებლობას”, - განაცხადა ხმალაძემ.

საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება, რაც კი ქალაქს დაემართა. დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, რა მოთხოვნები და ვალდებულებებია გაწერილი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ პოლიტიკური ნარატივია, რომ მშენებლობა ცუდია, დანაშაულია და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თმით, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება  მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება.  არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენენ, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში და საზოგადოებას აჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ჩვენ არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენ მიერ გასხვისებული სკვერების, სპორტული მოედნების გამოსყიდვა მუნიციპალიტეტს უზარმაზარი თანხები უჯდება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ორნიშნა რიცხვით იყო, ამაში სამშენებლო სექტორს დიდი როლი აქვს, ზუსტად ამას ებრძვიან ისინი. საკრებულოს იმ წევრებს კი, რომლებმაც წარდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები