"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მან იგი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა. პაციენტი ამჟამად კლინიკა „ჰელსიკორშია“ და კვლევები უტარდება.
„დიაგნოზი ჯერ არ ვიცი. აბაზანაში ვიპოვე გულწასული და სასწრაფო გამოვიძახეთ. „ჰელსიკორში“ გადმოვიყვანეთ. ადამიანს ცხოვრებაში ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ადამიანს, რომელსაც ხუთი ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომელსაც სტენტები უდევს გულში და დღეში 4 ნემსს იკეთებს ინსულინისას, ყოველდღე ატარებენ სასამართლოში საათობით, პრეცენტენდი არ არსებობს მსოფლიოში რომ ყოველდღე 70 წლის კაცს სასამართლო პროცესებზე ატარებდნენ საათობით. უბრალოდ ვერ გაუძლო ჯანმრთელობამ და დაემართა ის რაც დაემართა“, - განაცხადა ვატო წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც „ჰელსიკორის“ დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ აღნიშნა, კლინიკაში შესვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ახლა არის სტაბილური:
„კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა დაბალი წნევა, ჩატარდა პირველადი ანალიზები, ჩატარდა ასევე კორონაროგრაფია. იყო გარკვეული ცვლილებები გულზე, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა თავი შეიკავა სტენტირებისგან. მიმდინარეობს შემდგომი დაკვირვება პაციენტზე. რჩება კლინიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ძალიან დიდი სტრესის შედეგი მისი ამჟამინდელი მდგომარეობა“, - განაცხადა „ჰელსიკორის“ დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ.