მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა მსოფლიოს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს

64a53ce75b9d0
მარიამ ვარადაშვილი
05.07.23 13:59
1295
უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს მოუწოდებს დროული რეაგირებისკენ საფრთხეზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ემუქრება.

მას შემდეგ, რაც კრემლმა კახოვკის ჰესი ააფეთქა, უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთი ატომურ სადგურზე აფეთქების მოწყობას გეგმავს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და ის 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა თანამშრომლებმა 5 ივლისისთვის სადგურის დატოვების ბრძანება მიიღეს.

“საფრთხე სერიოზულია. რუსეთი ტექნიკურად მზადაა, სადგურზე ლოკალური აფეთქება მოაწყოს, რაც გამოიწვევს ჰაერში საშიში ნივთიერების გამოფრქვევას. ამ საკითხს პარტნიორებთან განვიხილავთ. ყველას ესმის, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა საჭიროა, რათა არც იფიქრონ ამის გაკეთება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, მაგრამ უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

ჯერჯერობით საერთაშორისო ატომური სააგენტოს [IAEA] უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აფეთქების მოწყობის გეგმაზე, არ დაუდასტურებია, თუმცა როგორც ცნობილია, სააგენტოს რუსეთის მიერ კონტროლირებულ სადგურზე სრული დაშვება არ აქვს. IAEA-ში აცხადებენ, რომ მათ ექსპერტებს ატომური სადგურის ნაწილის გამაგრილებელი სისტემის ინსპექტირების საშუალება ჰქონდათ და ნახეს, რომ რეაქტორებს გასაგრილებლად საჭირო წყალი მიეწოდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები