მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკრაინელები სწავლობენ, როგორ დაამუშაონ დანაღმული მიწა“ - ინტერვიუ EBA უკრაინის ხელმძღვანელთან

629c5e3218185
ელენე კვანჭილაშვილი
05.06.22 12:30
955
“უკრაინას დღეს უპრეცედენტო დროში არსებობა უწევს და ცდილობს, მშვიდობა მთელი ევროპის კონტინენტზე დაიცვას. ამასთან, ბიზნესიც მთელს ქვეყანასთან ერთად, ევროპის ქვეყნებისგან გადამწყვეტ ქმედებას ითხოვს. მხოლოდ განცხადებები საკმარისი აღარ არის. ბიზნესს სჭირდება იმის დანახვა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა უკრაინისთვის. აუცილებლად უნდა გამოჩნდეს მკაფიო სიგნალები, რაც დაადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი ნამდვილად აქვს. უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მომავალში ევროკავშირის წევრობისთვის, ასეთი სიგნალი იქნება”, - ეს ამონარიდია იმ საკმაოდ ვრცელი წერილიდან, რაც უკრაინის ბიზნესსაზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირში გაგზავნა და დეტალურად განმარტა, რატომ სჭირდება დღეს ჰაერივით უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და რატომ იქნებოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით.

ბიზნესი უკრაინაში სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საუკეთესო გზა იქნება ომის შემდგომ პერიოდში ქვეყნის აღდგენისა და აღმშენებლობისთვის. ბიზნესს მიაჩნია, რომ ქვეყნის რეკონსტრუქციაში ჩადებული ინვესტიციები მეტ დამატებულ ღირებულებას მოიტანს, თუკი ისინი ევროპულ სტანდარტს უპასუხებს და ამ პროცესში ევროკავშირიც ჩართული იქნება.

„ანალიტიკამ“ ინტერვიუ ჩაწერა ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA უკრაინა) ხელმძღვანელ ანნა დერევიანკოსთან.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ ცხოვრების გარკვეულ სტანდარტს. შეგვიძლია თავი მოვიწონოთ ციფრული განვითარებით, აქტიური ბიზნესგარემოთი, კრეატიული ადამიანებით, რომლებსაც აქვთ უნარი, საინტერესო პროექტები შექმნან. ამის მიუხედავად, როცა უკრაინის მოქალაქეები კვეთენ საზღვარს ევროპასთან, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ სხვაობას მთლიან ეკოსისტემაში, რასაც მხარს სწორედ მთელი ევროკავშირი უჭერს. ეს ახალი სტანდარტებია, ახალი მიდგომები. თუ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ის იმ მხარდაჭერის – მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილსაც მიიღებს, რასაც მისთვის ევროკავშირი გასწევს, მაგალითად, მთელი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის – გამოდის, ჩნდება რესურსების კომბინაცია, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ინვესტორების მხარეს, რომლებსაც მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, ფეხი აუწყონ განვითარების ახალ ტემპს“, - ამბობს დერევიანკო.

EBA უკრაინის ხელმძღვანელთან ინტერვიუში „ანალიტიკა“, ცხადია, დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს უკრაინაში ბიზნესს და რამდენად აცნობიერებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს ავტომატურად ევროკავშირის წევრობას, რადგან ძალიან გაზრდილმა მოლოდინებმა შეიძლება დადებითი ეფექტიც იქონიოს და პირიქით, უარყოფითიც.

ანნა დერევიანკო ამბობს, რომ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან მანამდე არ ელოდება, სანამ უკრაინა ომშია, თუმცა მას, ისევე როგორც ძალიან ბევრ ბიზნესს მისი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ, მტკიცედ სჯერა, რომ ომის პერიოდი მხოლოდ ნგრევის პერიოდი არ უნდა იყოს.

„ომის პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ საფუძვლის მომზადებისთვისაც, რაც დააჩქარებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვმუშაობთ – პროგრესიც გვაქვს, თუმცა ცხადია, ბევრი რამ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით, საკანონმდებლო დონეზე. თუ ომის პერიოდს ამ დაახლოებისთვისაც გამოვიყენებთ, მაშინ გაცილებით მზად დავხვდებით ევროკავშირს მაშინ, როცა მისთვისაც მომწიფდება უკრაინის გაწევრიანების გადაწყვეტილება. ამდენად, ომის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ – ამ მიმართულებით სტრატეგიული დაგეგმვისთვის, უკრაინული და ევროპული ბიზნესების კიდევ უფრო მეტად დასაახლოვებლად და იმ ფინანსების მოსაზიდად, რომლებიც უნდა მოხმარდეს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენს გამო არ დანგრეულა. მეზობელი ქვეყნის აგრესიის გამო დაინგრა“, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ უკრაინაში ბიზნესის წარმოება დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება და დანაკარგებიც მზარდია, ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი 1000-ზე მეტი წევრი კომპანიის მაგალითზე ამბობს, რომ ყველა რჩება უკრაინაში და ბიზნესის წარმოებას აგრძელებს. მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება დღეს ამ ბიზესების შემართების კიდევ უფრო განმტკიცებას ნიშნავს, მათთვის იმ რწმენის დაბრუნებას ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა ისევ ფეხზე დადგება და იმაზე მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება, ვიდრე ომამდე იყო.

„დღეს ევროკავშირი უკვე ღიად საუბრობს, უკრაინული პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადის და კვოტების მოხსნაზე. ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და შემდეგ, სამომავლოდ, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ეს გამონაკლისი კი არ იქნება, არამედ – კანონით გათვალისწინებული, გრძელვადიანი წესი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინულ ბიზნესსაც და იმ საერთაშორისო მოთამაშეებსაც, ვინც ბიზნესს უკრაინაში და უკრაინიდან აწარმოებს, სრული თავისუფლება ექნებათ, რომ განვითარდნენ სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში. აი, ეს არის ის მთავარი მოლოდინი, რაც ბიზნესს მთელი ამ პროცესის მიმართ გააჩნია. რა თქმა უნდა, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს, რადგან ერთმა ქვეყანამაც კი შეიძლება პროცესი შეაფერხოს ან შეუძლებელი გახადოს. მეორე მხრივ, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში როგორ არ უნდა იყო უკრაინის მხარეს. ან სიკეთის და მშვიდობის მხარეს ხარ, ან იმათ მხარეს, ვინც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე აგრესიულ შეჭრას განაგრძობს“, - ამბობს ანნა დერევიანკო.

EBA უკრაინის ხელმძღვანელისთვის გასაგებია ის ფასი, რომელსაც ევროპა რუსეთის სანქციების გამო იხდის, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „უკრაინელები გაცილებით ძვირ ფასს იხდიან“.

„მესმის, რომ ადამიანური თვალსაზრისით, გარკვეულ გადაწყვეტილებებს გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე აქვს – მაგალითად, ევროპის მოქალაქეებს გაუძვირდებათ გაზის კომუნალური გადასახადი, საკვებიც უფრო მეტად გაძვირდება – მაგრამ აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ეს უკრაინის ან მისი ხალხის გამო არ ხდება. ეს უკრაინის მეზობლის აგრესიული ქმედებების შედეგია. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. უკრაინელები გაცილებით ძვირ ფასს იხდიან – საკუთარი სიცოცხლით, შვილების სიცოცხლით, სახლ–კარის მიტოვებით და ა.შ. ისინი დღეს სწავლობენ, როგორ იცხოვრონ სირენების ფონზე, ისინი დღეს სწავლობენ, როგორ დაამუშაონ მიწა, რომელიც სავსეა ნაღმებით. არაფერი მსგავსის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო – სამი თვის წინ. ამდენად, შესაძლოა ღირდეს, ძვირად ვიყიდოთ გაზი ან საკვები – იმისთვის, რომ მთელ ევროპაში მშვიდობამ დაისადგუროს“, - განაცხადა ანნა დერევიანკომ „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, უკრაინაში ინვესტიციების და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, მიმზიდველია სოფლის მეურნეობის სექტორი, ასევე IT სფერო – ბოლო წლებში ამ სექტორის წლიური ზრდა 20–25% იყო, მექანიკური ინჟინერია, კვების და გადამამუშავებელი ინდუსტრიები, მეტალურგია და ა.შ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის მიერ მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო.

“როდესაც უცხოელ ინვესტორებს ვესაუბრები და მათ ვეუბნები, რომ უკრაინაში ბიზნესი ახერხებს თავისი ფინანსური მაჩვენებლების, ომამდელი მაჩვენებლების 50–60%–ის აღდგენას, შოკირებულები რჩებიან, რადგან ევროპული ბიზნესების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ასეთი აგრესიული შეჭრის პირობებში, საქმიანობა უნდა განულდეს. მათ ასეთი რამ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ. უკრაინელი ხალხი და უკრაინული ბიზნესი წარმოუდგენელ მედეგობას და გამძლეობას აჩვენებს მთელ მსოფლიოს. უნიკალურები არიან. ისინი მამაცურად იცავენ თავიანთ სამშობლოს და მზად არიან, სიცოცხლე დათმონ თავისუფლებისთვის“, - აცხადებს EBA უკრაინის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები