მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეწყდა - რა ვითარებაა ბირჟაზე?

64b911c196a61
გიორგი თოლორდავა
20.07.23 14:54
527
რუსეთ-უკრაინას შორის არსებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ოფიციალურად შეჩერებულია. რუსეთის მთავრობამ შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სატვირთო გემებს უკრაინის პორტებიდან ტვირთის გადაზიდვა აუკრძალა.

მარცვლეულის შეთანხმება თითქმის ერთ წლის წინ, გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით დაიდო. შეთანხმების მიზანი საკმაოდ მარტივი იყო - ქვეყნებს შორის ომის მიმდინარეობის მიუხედავად, სატვირთო გემებს უნდა ჰქონოდათ იმის გარანტია, რომ ისინი მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადაზიდვას შეუფერხებლად, თავდასხმის საფრთხის გარეშე შეძლებდნენ.

ახლა უკვე ეს გარანტიები არ არსებობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის სიახლოვეს გამოჩენილი ნებისმიერი სახის გემი, შესაძლოა, სამხედრო ხომალდად იქნეს განხილული და მის წინააღმდეგ იერიში განხორციელდეს. ბუნებრივია, ასეთი რისკის პირობებში არცერთი კომპანია არ აპირებს ტვირთის გადაზიდვას.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია. უფრო კონკრეტულად, ხორბლის გლობალური ექსპორტის 10% უკრაინაზე მოდის; სიმინდის ბაზრის წილი 15%-ია; მზესუმზირის ზეთის გლობალური ექსპორტის ნახევარი სწორედ უკრაინაზე ნაწილდება.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა, სავარაუდოდ, გლობალურ ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე არსებული მოთხოვნის ადეკვატურად დაკმაყოფილება უბრალოდ ვერ მოხერხდება.

ახლა კი რაც შეეხება გარიგების ჩაშლის მიზეზებს. ოფიციალური კრემლის განცხადებით, შეთანხმება იქამდე არ აღდგება, სანამ დასავლეთი რუსეთის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მოსკოვის მოთხოვნებს შორისაა: ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება, რუსული სასუქის ექსპორტის აღდგენა და SWIFT-ის სისტემაში ზოგიერთი რუსული ბანკის დაბრუნება.

დააკმაყოფილებენ თუ არა რუსეთის მოთხოვნებს, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია, ახლა კი რუსი სამხედროები უკრაინულ პორტებსაც თავს ესხმიან.

ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე მკვეთრად იზრდება მარცვლეულის ფასები. ბუშელი ხორბლის ფასი ახლა უკვე 7 დოლარს და 45 ცენტრს აღწევს, რაც ერთ კვირაში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ხორბალი ასეთი ძვირი ბოლოს ერთი წლის წინ იყო. 12%-ით მოიმატა სიმინდის ფასმა; შვრია კი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები