მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას ქმნის

639c39f77db7a
გიორგი თოლორდავა
16.12.22 13:42
660
უკრაინის ცენტრალური ბანკი ეროვნულ ციფრულ ვალუტას, ე.წ. CBDC-ს ქმნის. ბანკმა უკვე წარმოადგინა პროექტის პირველი გეგმა, სადაც CBDC-ს რამდენიმე დიზაინი და კონცეპტია განსაზღვრული.

საგულისხმოა, რომ ციფრული ვალუტის ტექნიკურ დეტალებზე საბოლოო შეთანხმება ჯერაც არ არის მიღწეული და ამჟამად განხილვის პროცესი გრივნის ტექნიკურ მახასიათებლებს უკავშირდება.

ცნობისთვის, უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მას შემდეგ კვლევითი პროცესი მიმდინარეობს, მარეგულირებლები სწავლობენ CBDC-ს შესაძლებლობებს და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ რისკებს. კვლევის მიზანი ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაა, რათა რამდენიმე წელიწადში ციფრული ვალუტა მთელი ქვეყნისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

საწყის ეტაპზე ციფრული ვალუტით გადახდა QR კოდის დახმარებით იქნება შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ დისტანციური გადახდებისა და NFC ტექნოლოგიის ინტეგრაციაცაა დაგეგმილი, რათა პროექტმა სრულ პოტენციალს მიაღწიოს.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები