მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უმჯობესია, მცირედით გაძვირდეს მგზავრობა და სერვისი დაიხვეწოს”- ბიზნესი ავტოსადგურების რეფორმაზე

6474b6de8a1e1
ანუკა ჯოხაძე
30.05.23 00:30
1735
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ავტოსადგურებთან დაკავშირებით ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი თვეების განმავლობაში განიხილებოდა ეკონომიკის სამინისტროში და მიმდინარეობდა მსჯელობა.

მინისტრის თქმით, შიდა გადაყვანები მოექცევა სანებართვო სისტემაში და მოხდება სერტიფიცირება სატრანსპორტო სააგენტოს მხრიდან.

BM.GE-ის კითხვაზე ექნება თუ არა ავტოსადგურების რეფორმას რაიმე სახის გავლენა უშუალოდ მგზავრობის ღირებულებაზე, დავითაშვილი პასუხობს, რომ რეფორმის ფარგლებში ბილეთების გაძვირების მოლოდინი არ არის. ამის პარალელურად განსხვავებული მოლოდინი აქვს ბიზნესს, სადაც ფიქრობენ რომ ხარისხის გაუმჯობესებას ფასების მცირედით დაკორექტირდება მოჰყვება.

“ვფიქრობ, რომ პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე მცირედით იმოქმედებს მგზავრობის ღირებულებაზე. თუმცა უმჯობესია, რომ მცირედი პროცენტით მოხდეს ფასის მატება, მაგრამ სერვისი დაიხვეწოს და გახდეს უფრო უსაფრთხო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი.”-აცხადებს “ომნი ბასის” ხელმძღვანელი ირაკლი კაბულაშვილი.

ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ 2024 წლის პირველ თებერვლამდე გადამზიდავებს ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის მთლიანი რეფორმა სრულყოფილად უნდა ამოქმედდეს.

“ომნი ბასის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს სატრანსპორტო კომპანიები ახალ რეგულაციებზე გადასასვლელად მზად არ არიან. შესაბამისად, მისი თქმით, 1 წელიწადში მათ მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდებათ.

ირაკლი კაბულაშვილი აცხადებს, რომ დარგს სახელმწიფოს მხარდაჭერა დასჭირდება.

“თუ კი მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა, არა სუბსიდირებით, არამედ ისე რომ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ხელმისაწვდომი კრედიტით შეძლონ ავტოპარკის განახლება ძალიან დაეხმარება ბიზნესს. სხვა შემთხვევაში მე უბრალოდ ვერ ვხვდები მაგალითად 1 წელი როგორ უნდა ეყოს ამ ახალ სტანდარტებზე გადასვლას, რადგან ამ სფეროში ჩართულ ოპერატორებს, სატრანსპორტო კომპანიებს, ნამდვილად არ ექნებათ რესურსი რომ სწრაფად მოხდეს ავტოპარკის განახლება და ახალ რელსებზე გადასვლა”-ამბობს “ომნი ბასის” ხელმძღვანელი ირაკლი კაბულაშვილი.

ამ კუთხით შეფასება დღეს ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, რეფორმა საჭიროებს ინვესტიციებს და მთავრობა მზად არის განიხილოს მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიანი დაფინანსების პროგრამა.

როგორც ცნობილია ეკონომიკის სამინისტრო ავტოსადგურების ლიცენზირების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში გადააგზავნის. სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ კანონი საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები