მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმრავლესობას სჯერა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს გაათავისუფლებს - CRRC-ის კვლევა

63f4d7e867084
BM.GE
21.02.23 21:39
782
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) კვლევის შედეგები წარმოადგინა - „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს, თუმცა, აზრი იყოფა იმის შესახებ,  უკრაინა თავისი ტერიტორიების სრულად თუ მხოლოდ ნაწილობრივ გათავისუფლებას შეძლებს. 

კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტ ოპტიმიზმს გამოხატავენ უკრაინის წარმატების მიმართ, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პარტიებისადმი მიუმხრობელი ადამიანები.

მოსახლეობის მხოლოდ 5% ამბობს, რომ ომი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სრული ოკუპაციით დასრულდება. დანარჩენი ნაწილი დაახლოებით თანაბრად იყოფა მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ ომი უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაციით დასრულდება, ვინც ფიქრობს, რომ ომი უკრაინის ტერიტორიების სრულად გათავისუფლებით დასრულდება და ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხვა ასევე მოიცავდა უკრაინის ომთან მიმართებაში სხვადასხვა ლიდერის როლის შესახებ შეკითხვებს. უცხოელ ლიდერებს შორის რესპონდენტები დადებითად აფასებენ ვოლოდიმირ ზელენსკის, ბორის ჯონსონისა და ჯო ბაიდენის როლს, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის როლს - უარყოფითად.

“მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეები მოელიან, რომ უკრაინა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შეძლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენას ვერ მოახერხებს. უკრაინის ხელმძღვანელობის, ისევე, როგორც უკრაინის მხარდამჭერი დასავლელი ლიდერების როლს, ქართული საზოგადოება დადებითად აღიქვამს, ხოლო საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებების შეფასება იცვლება იმის შესაბამისად, თუ რომელ პარტიას უჭერს ესა თუ ის ადამიანი მხარს”,-წერია კვლევაში.

CRRC-საქართველომ კვლევისთვის მონაცემები 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სახით შეაგროვა. საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობასთან სულ 1 523 სატელეფონო ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები