ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესის პოზიცია, რაც ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებას უკავშირდება, დარგში დაგროვილი პრობლემებით არის განპირობებული. ამის შესახებ თურნავამ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა ბევრი რამ უკვე კეთდება.
„მე ძალიან მომწონს ის, რომ ბიზნესმენები აფიქსირებენ ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას. ცალკე სამინისტროს არსებობის საჭიროება, ეს იმის ანარეკლია, რომ ხედავენ რამდენად დიდი პრობლემები დაგროვდა ენერგეტიკაში. ასევე ხედავენ, რამდენი რამ არის გასაკეთებელი ამ სფეროში, თუმცა ენერგეტიკაში ბევრი რამ კეთდება.
ჩვენ 2011 წლიდან მოყოლებული ვართ ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრები, ვახორციელებთ ენერგეტიკულ რეფორმებს, დაწყებული ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნებიდან, დამთავრებული მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით. ინვესტორებისთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი მიმზიდველი დარგია, მიუხედავად ამ სირთულისა, რაც სხვადასხვა პროექტს ხვდება წინ.
ბიზნესის პოზიცია არის იმის გამოხატულება, რომ ბიზნესი ხედავს ენერგეტიკის განვითარების აუცილებლობას. ეს არის გამარჯვებები იმ მითებზე, რომელიც დაგროვდა და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი გამარჯვებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა.