პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, დაღლილი პოლიტიკოსები და მთავრობები ითხოვენ კოვიდ-19-ის მკურნალობა გახდეს, როგორც ნებისმიერ სხვა პრობლემური, მაგრამ მართვადი დაავადების მკურნალობას, როგორიცაა მაგალითად სეზონური გრიპი. მაგრამ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ეს მიდგომა შეიძლება ნაადრევი იყოს და ზედმეტად ოპტიმისტურ სურათს ასახავდეს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს Covid-თან ერთად თანაცხოვრება. ამის შესახებ სტატიას ამერიკული Forbes აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად სწრაფად გადამდები ომიკრონის შტამისა, ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და შვედეთმა თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმეს, რადგან ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ცხოვრება და გადავიდეთ Covid-19-ის პანდემიიდან ენდემიაზე.
ქვეყნები COVID-19-ს თავს ვერ დააღწევენ, თუმცა მასთან თანაცხოვრებას ისწავლიან. შედეგად მივიღებთ ენდემურ დაავადებას, რაც ნიშნავს ამა თუ იმ ტერიტორიაზე დაავადების არსებობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. უფრო ზუსტად, ეს გულისხმობს იმას, რომ დაავადების გამომწვევი ვირუსი - ამ შემთხვევაში Sars-CoV-2 - ყოველთვის დარჩება მოსახლეობაში და მისი ცირკულაცია გარკვეული პერიოდულობით, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს.
“ჩვენ ჯერ არ მივსულვართ Covid-თან ბრძოლის იმ სტაბილურ მდგომარეობამდე, როდესაც შეგვიძლია შეზღუდვების გაუქმებაზე ავლაპარაკდეთ, ომიკრონის შემთხვევების ვერტიკალური მატება კი დამოკიდებულია მოსახლეობის იმუნიტეტის დონეზე და ვირუსის განვითარებაზე და ეს 2022 წელს ნამდვილად არ დასრულდება”, - განაცხადა სიეტლში ფრედ ჰაჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელიზაბეტ ჰალორანმა.
თავად ტერმინი - ენდემური, არც მსუბუქ და არც იშვიათ დაავადებას არ ნიშნავს, ენდემური ნიშნავს, რომ ის ჩვენთან დარჩება, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი დაავადება, მათ შორის მალარია, ტუბერკულოზი და აივ-ინფექცია.
როგორ აისახება ენდემური Covid ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? ეპიდემიოლოგების თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიწევს ქვეყნებში ინფიცირების მაჩვენებლები, ანუ თუ ისევ მაღალი რიცხვი დაფიქსირდება, შესაბამისად დარჩება შეზღუდვებიც, ხოლო ძალიან დაბალ დონეზე, ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. ამის კონტროლი კი ისევ და ისევ ვაქცინაციით შეგვიძლია, რაც ამცირებს როგორც დაავადების რისკებს, ასევე ახალი შტამების გაჩენის შანსსაც.
მოწოდებები, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, პანდემიის გამოცხადების დღიდან ვრცელდება, განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან, რომლებიც სიმპტომებიდან გამომდინარე კორონავირუსს გრიპის ვირუსს ადარებდნენ, თუმცა ახალი შტამების გავრცელების შემდეგ დამძიმებულმა ეპიდ-ვითარებამ ქვეყნები იძულებული გახადა შეზღუდვები გაემკაცრებინა. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის ვარიანტი, გაცილებით სწრაფად ვრცელდება და რეკორდულ მაჩვენებლებსაც კი მიაღწია, მაინც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კოვიდ-პანდემია ენდემიად განვიხილოთ.
ასევე ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ Covid-19-ის მომავალი შეიძლება იყოს ისეთივე რბილი, როგორც ჩვეულებრივი გაციებაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ უფრო მძიმე ფორმად იქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში ის დიდ ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე.