სექტორული მიმართულებით გვაქვს ძალიან დეტალური, ფუნდამენტური რეკომენდაციები, ეს არ არის ძალიან მაღალი სტანდარტის - ასე შეაფასა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა სექტორის თანამონაწილეობით შედგენილი უსაფრთხოების რეკომენდაციები დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
მისი თქმით, საქართველო იყო პირველი-მეორე ქვეყანა, ვინც კერძო სექტორის ამოქმედებისთვის უსაფრთხოების რეკომენდაციები შეიმუშავა.
„ჩვენ დავიწყეთ სექტორული მიმართულებით რეკომანდაციების შემუშავება და ფაქტობრივად ასეთი სექტორული მიმართულებით ვიყავით პირველი-მეორე ქვეყანა მსოფლიოში. სექტორული მიმართულებით გვაქვს ძალიან დეტალური, ფუნდამენტური რეკომენდაციები... ეს არ არის ძალიან მაღალი სტანდარტის. ეს არის ის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ, იქნება ეს ბიზნესი, მოქალაქე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და ოპერირებს, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება იყოს შენელებული და მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ. ამავე დროს ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს ბიზნესის ინტერესების, რომ მან ეკონომიკური საქმიანობა განახორციელოს“, - განმარტა ფერაძემ.