მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხერხულია, სახელმწიფო გაცილებით მომზადებული უნდა დახვედროდა „ევრობასკეტს“ - გიორგი ზურაბიშვილი

631c69bfbc4ba
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 18:00
4665
უხერხულია, სახელმწიფო გაცილებით უფრო მომზადებული უნდა დახვედროდა „ევრობასკეტს“, - ამის შესახებ კომენტატორმა და სპორტის ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა გადაცემა BMG Drive-ში განაცხადა.

მან სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა თბილისში სათანადოდ მოწყობილი არ იყო.

„ქალაქი, ლოკაცია და გარშემო ინფრასტრუქტურაც უნდა გათვალო. მე "ევრობასკეტზე" ისრაელში ვარ ნამყოფი და სპორტული ინფრასტრუქტურის ირგვლივ კაფეები, რესტორნები და გასართობი სივრცეებია მოწყობილი, რათა ვინც დარბაზში თამაშის საყურებლად მიდის, შემდეგ იქვე გაჩერდეს და ფული დახარჯოს. ჩვენთან კი გარშემო სასაფლაოა და სხვა არაფერი. გზაც ნორმალურად არ იყო გაკეთებული. პირველ დღეს ლოგისტიკური პრობლემებიც იყო. თავიდან ერთი გასასვლელი იყო გახსნილი, შემდეგ უკვე გაითვალისწინეს და შემდეგ თამაშზე ბევრი გასასვლელი გახსნეს, რაც კარგია.

ასევე, ჩემი აზრით, თავად დარბაზი არაა კარგი. ბევრი ადგილიდან თამაში ცუდად ჩანს. ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. მესმის, რომ გვეჩქარებოდა და სწრაფად უნდა აშენებულიყო, თუმცა, ეს პროექტში უნდა იყოს ჩადებული.

საერთო ჯამში, ბევრი დეტალი იყო, რაც ქმნიდა გამოცდილებას, რომ მისვლა და თამაშის ყურება, მაინც და მაინც, კომფორტული არ იყო. ჩვენმა კალათბურთის ფედერაციამ "ევრობასკეტის" აქ ჩატარების უფლება მოიპოვა, ეს ისტორიული იყო, ამიტომ ჩემი აზრით, სახელმწიფოს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა და უფრო მომზადებული დახვედროდა“, - განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 2019 წელს მიუნხენში გამართულ კონგრესზე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ერთ-ერთი ქვეჯგუფის შეხვედრები თბილისში გამართულიყო. აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად "ახალი ოლიმპიური სასახლის" ტერიტორიაზე ახალი ობიექტის მშენებლობა გადაწყდა, რისთვისაც მთავრობამ სახელმწიფო შპს "სპორტმშენსერვისი" დააფუძნა, თავის მხრივ "სპორტმშენსერვისმა" პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 71 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანია "საბა კონსტრაქშენთან" გააფორმა.

პროექტი 2021 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ობიექტზე სამშენებლო პროცესების დასრულების თარიღმა 2021 წლის ნოემბრამდე გადაიწია. გადაიწია "ევრობასკეტის" ჩატარების თარიღმაც.

ამასთან, საქართველოს გასული წლის 4 დეკემბერს “კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის” ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ესტუმრა, რომელიც თბილისში "ევრობასკეტისთვის" განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებული იყო.

ამის შემდეგ პროექტის ვადები კიდევ შეიცვალა და მისი დასრულება 2022 წლის აპრილამდე გადავადდა. მიმდინარე წლის თებერვალში მშენებარე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც პროექტის ღირებულება 20 მილიონით გაიზარდა და ჯამში, 91 მილიონი ლარი შეადგინა.

ფოტოს ავტორი: დავით ასრიაშვილი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები