ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ვაკანსია ცხადდება, ყველაზე მეტი მოთხოვნა კი გაყიდვების მიმართულებით არის, ისევე როგორც ჰორეკას სექტორის და საბანკო-საფინანსო სფეროში, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ bm.ge-ს HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში, რამდენიმე სამუშაო დღეში უკვე ასობით ვაკანსია გამოცხადდა.
„წელს დღეში საშუალოდ 300-400 ვაკანსია იდება, მაგალითად გუშინ 370 ვაკანსია განვათავსეთ. ყველაზე აქტიურია გაყიდვების სფერო, გააქტიურებულია საბანკო სექტორი, იურიდიული მიმართულება, IT-სფერო და ა.შ. ყველა არის მეტ-ნაკლებად გამოცოცხლებული. სტაბილურად გამოიყურება ჰორეკას სექტორის ვაკანსიებიც. მაჩვენებლები პანდემიამდელ იანვარზე მეტია.
ჯამში ახლა საიტზე 3231 ვაკანსიაა განთავსებული, თუმცა ეს რიცხვი განპირობებულია იმით, რომ დეკემბერში ცოტა ვაკანსია გამოცხადდა. ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის 5-6 ათასი ვაკანსია გვექნება“, - ამბობს შახბაზიანი.
რაც შეეხება 2021 წელს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ყველაზე აქტიური იყო მარტ-აპრილის პერიოდი, როცა ვაკანსიების გამოცხადების მხრივ პიკი იყო. შახბაზიანის ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდა მანამდე პასიური ჰორეკას სექტორი და ვაკანსიებიც ძალიან აქტიურად ცხადდებოდა.
„მარტ-აპრილ-მაისში ჰორეკას სექტორმა რეკორდული რაოდენობის ვაკანსიები გამოაცხადა. ჯამურად, ვაკანსიებიდან მხოლოდ 13% არის ხოლმე ჰორეკას სექტორის, თუმცა სამი თვის განმავლობაში ჯამური ვაკანსიებიდან ჰორეკას წილი 23% იყო. მაჩვენებლები აქტიური იყო მაის-ივნისის ჩათვლით. სექტემბერ-ოქტომბერში ვაკანსიების მხრივ მაჩვენებელი დასტაბილურდა, ხოლო დეკემბერში დაიკლო, ისე როგორც ყოველ წელს ხდება“, - განაცხადა შახბაზიანმა.
ჯამურად, როგორც ის ამბობს, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ვაკანსიების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, 2021 წელს ძალიან დიდი ზრდა იყო, დღეში 200-დან 300-მდე ადიოდა რეგისტრირებულთა რიცხვი, თუმცა როგორც კი პიკმა ჩაიარა, წლის ბოლოსკენ რაოდენობამ დაიკლო და დღიურად საშუალოდ, სამუშაოს მაძიებელი 80-დან 100-მდე ადამიანი რეგისტრირდება.