მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვალდებული ვართ, მომხმარებელს ბედნიერები შევხვდეთ” - ქართველი რესტორატორი აშშ-დან

62b597e009cde
ლიკა გურაბანიძე
24.06.22 23:20
3933
ქართველი რესტორატორი აშშ-დან იმედა ლონდარიძე უკვე 16 წელია პენსილვანიის შტატში, კერძოდ ფილადელფიაში ცხოვრობს და 2016 წლიდან სარესტორნე ბიზნესს ავითარებს. ამჟამად მის მფლობელობაშია ორი რესტორანი Georgian Bread Cuisine და Little Georgia, რომელსაც გიორგი ბალიაშვილთან ერთად მართავს. როგორც მან BMG-ს განუცხადა, თითო რესტორანში 10-დან 15 პერსონამდე ქართველს ასაქმებს. მისივე განმარტებით, სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი რთულად სამართავი აქტივია, რადგან მას ფულადი სახსრების სწორად განკარგვასთან ერთად, დიდი შრომა და დრო სჭირდება. იმედა ლონდარიძის განმარტებით, აშშ-ში საქართველოსგან განსხვავებით, ბიზნესს შედარებით მარტივად პირადი კაპიტალით იწყებენ და საწყისი კაპიტალის სესხება ბანკებიდან აღარ უწევთ.

თქვენი ძირითადი ნიშა, ქართული, ტრადიციული სამზარეულოა, რატომ გააკეთეთ მსგავსი გათვლა?

დიახ, ჩემი ყველა რესტორანი ქართული და ტრადიციულია, რადგან ჩვენი კერძები აშშ-ში დიდ გაკვირვებას იწვევს. უქმე დღეებში ყველაზე მეტად დატვირთული ვართ, სამუშაო დღეებში კი 100-150 ადამიანი შემოდის. რესტორნებში კვირის განმავლობაში 40-50%-მდე დატვირთულობაა, ხოლო უქმეებზე 100%-იანი. ჩვენი თონის პური ყველას მოსწონს და მასზე დიდი მოთხოვნაა. ამერიკელები პიცის და ბურგერის მირთმევით ცოტა დაიღალნენ, მათ რაღაც განსაკუთრებულის გასინჯვა სურთ. ალბათ ესაა ჩვენი მთავარი ნიშაც - განსხვავებულობა.

რომელი კერძი აკვირვებთ ყველაზე მეტად ამერიკელებს?

ხაჭაპური ძალიან მოსწონთ, პირველ რიგში აჭარული ხაჭაპური. მას იმერული და მეგრული ხაჭაპურები მოჰყვება. ასევე მოსწონთ ხინკლის გემო, დღეში დაახლოებით 300-დან 500 ცალამდე იყიდება. იქ ასეთი გემოები უკვირთ და მათთვის უცხოა.

პანდემიის პერიოდი როგორ დაძლიეთ?

რეგულაციების დროს, როდესაც ყველაფერი დაიხურა და ხალხი სამსახურებში ვეღარ დადიოდა ჩვენ გატანის სერვისზე მუშაობაზე გადავეწყვეთ. პანდემიის დროს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 30%-ზე მეტი შემოსავალი მივიღეთ. ეს ზრდა აშშ-ში რესტორნების დახურვამ გამოიწვია და მაქსიმალური დაწოლა გატანის სერვისზე წამოვიდა, რაც წარმატებულად დავძლიეთ, შედეგიც მივიღეთ. ჩემი თითო რესტორნის საშუალო ბრუნვა მინიმუმ $1 მლნ-ია. 2022 წლის ბოლოს თითოეულ რესტორანს საშუალოდ $1.5 მლნ-ის შემოსავალი ექნება.

საქართველოს მაგალითზეც რომ ვისაუბროთ, როგორ ფიქრობთ, ქართულ სარესტორნე ბიზნესში რა უნდა გამოსწორდეს?

სერვისი და მომსახურე პერსონალი. ყველა თანამშრომელმა პრობლემები სახლში უნდა დატოვოს, რადგან რესტორანში შემოსულ სტუმარს არ აინტერესებს პირადი პრობლემები, მას კარგი მომსახურება სურს. ჩვენ ვალდებული ვართ მომხმარებლებს ბედნიერები შევხვდეთ. ყველა რესტორანზე ამას ვერ იტყვი, თუმცა რამდენიმე რესტორანში, სადაც შევსულვარ ამ პრობლემას ვამჩნევ. ასევე რესტორნებმა გაუყინავი ხორცი უნდა გამოიყენონ, რადგან ის მეტად გემრიელია.

აშშ-ში ბიზნესის დაწყების დროს საწყისი კაპიტალის მოძიება რამდენად რთულია?

აშშ-ში ბიზნესს თითქმის ყველა საკუთარი კაპიტალით იწყებს და შემდგომ განვითარების პროცესში ბანკიდან იღებენ სესხს. მეც ასე ვიყავი. პირველი რესტორანი საკუთარი კაპიტალით გავხსენი. მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ ბიზნესი საკუთარი კაპიტალით დავიწყო.აშშ-ში ბიზნესს თითქმის ყველა საკუთარი კაპიტალით იწყებს და შემდგომ განვითარების პროცესში ბანკიდან იღებენ სესხს. მეც ასე ვიყავი. პირველი რესტორანი საკუთარი კაპიტალით გავხსენი. მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ ბიზნესი საკუთარი კაპიტალით დავიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები