მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ქვევრების დეფიციტია. ამის გამო მეღვინეებს ქვევრების შეძენა უცხოეთში უწევთ.
„ვამბობთ, რომ ქვევრის ღვინოა ჩვენი ყველაფერი და მან გაუთქვა სახელი ქართულ ღვინოს და ამ დროს ქვევრებს ვერ ვაკეთებთ. მეტი აბსურდი რა უნდა იყოს?! პარადოქსია, მაგრამ ქართული ქვევრის ღვინის მკეთებელი მეღვინე ვფიქრობ, უცხოეთიდან ჩამოვიტანო ქვევრი. აქ უკვე დასრულებულია ლაპარაკი და ამ აზრზე არის ჩემი ბევრი კოლეგა. ქვევრები რამდენიმემ უკვე ჩამოიტანა უცხოეთიდან.
წელს ადამიანმა, რომელთანაც 10 წელი ვთანამშრომლობდი, მომიტანა ისეთი ქვევრები, რომ იძულებული გავხდი, უკან დამებრუნებინა. წარმოიდგინეთ, ახლა ვფიქრობ, რომ ქვევრები ესპანეთში, საფრანგეთში, სლოვენიაში ან იტალიაში შევუკვეთო“, - უთხრა შალვა ქურდაძემ BMG-ს.