Microsoft -ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემია სამყაროში სულ სხვაგვარად განვითარდებოდა, თუკი მეცნიერები მედიკამენტს დროულად შექმნიდნენ. ამის შესახებ მილიარდერმა The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გეიტსმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ სამომავლოდ ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია თერაპიული მკურნალობის გაძლიერება და ასევე ანტივირუსული პრეპარატის განვითარების დაჩქარებაც.
მილიარდერის თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ამ კუთხითაც.
The Wall Street Journal-თან ინტერვიუში გეიტსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო საკმარისს არ აკეთებს პანდემიის ახალი ტალღისა და შტამისთვის მოსამზადებლად და თვლის, რომ ვაქცინის დამზადებას 100 დღეზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. მისი თქმით, ამ ყველაფრისთვის მზადება მსოფლიომ დღეს უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ბილ გეიტსი ჯერ კიდევ 2015 წელს საუბრობდა პანდემიისთვის მსოფლიოს მოუმზადებლობაზე, მაგრამ მაშინ მას არავის მოუსმინა. თებერვალში კი, მილიარდერმა ახალი წიგნის შესახებ დააანონსა, რომელსაც თავად წერს და სადაც გვიყვება, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან პანდემია. წიგნის გამოსვლის სავარაუდო თარიღად, 2022 წლის მაისია გამოცხადებული. წიგნში მილიარდერი, ვაქცინების შესახებ საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს.