მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის ჩიფსების კომპანია „ენკენი“ სხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოებასაც გეგმავს

5f3e88b1074c2
თამთა ჯიჯავაძე
21.08.20 09:00
1432
ვაშლის ჩიფსების კომპანია „ენკენი“ სხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოებასაც გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა თამარ შეითნიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

2018 წელს დაფუძნებული საწარმო, ამ დროისთვის ორი სახეობის ჩიფსს – წითელი და მწვანე ვაშლის ჩიფსებს აწარმოებს. თუ რომელ ხილს ან ბოსტნეულს დაამატებენ ასორტიმენტს, კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ. ახალი სახეობის ჩიფსების წარმოებას კომპანია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში აპირებს.

როგორც თამარ შეითნიშვილმა აღნიშნა, პარალელურად კომპანია ექსპორტისთვისაც ემზადება:

„ძირითადად გვინდა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი, უფრო მეტად თურქეთი, ასევე, ევროპის ბაზარი მაგალითად, ესტონეთი და ლიეტუვაში გვაქვს კიდევ მოლაპარაკებები ერთ სუპერმარკეტთან, ასევე აშშ-შიც ვაპირებთ. დაახლოებით ოქტომბრისთვის ვგეგმავთ უშუალოდ პროდუქციის გატანას. ახლა ვართ იმ ეტაპზე რომ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტი. ნიმუშები გვაქვს გაგზავნილი იმ ბაზრებზე, სადაც უნდა გავიტანოთ პროდუქცია, ჩვენი ჩიფსები მოწონებულიც არის და მიმდინარეობს კალკულაციები“.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თამარ შეითნიშვილი ამბობს, რომ კომპანია „ენკენს“ სამი პრიორიტეტი აქვს. კერძოდ, ექსპორტზე გატანის გარდა, მათ პრიორიტეტს წარმოადგენს პროდუქციის ახალ სახეობებზე მუშაობა და ჩიფსების საქართველოს რეგიონებში გაყიდვაც.

„ამჟამად მხოლოდ ბათუმში იყიდება ჩვენი ჩიფსები, „ნიკორას“ ქსელში. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოს რეგიონებშიც გახდეს ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა შეითნიშვილმა.

ამჟამად, „ენკენის“ პროდუქცია იყიდება თბილისში „აგროჰაბში“, „ნიკორას“ ქსელში, „ევროპროდუქტში“, „გუდვილში“, „აგრომენში“, ორგანულ მაღაზიებში, „სპარის“ მაღაზიებსა და ვენდინგ-აპარატებში.

„კავეას კინოთეატრებში ძალიან კარგი გაყიდვა გვქონდა და პანდემიის პერიოდმა ეგეც შეგვიმცირდა. დაიკეტა კინოთეატრები და რაც გვქონდა, ის პროდუქციაც ამოვიღეთ“, – აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა და დასძინა, რომ პანდემიის კრიზისი მათ ბიზნესზეც ნეგატიურად აისახა, თუმცა, მათ სცადეს რომ მიტანის სერვისი განევითარებინათ.

ამჟამად „ენკენი“ თვეში დაახლოებით 5 ტონამდე ვაშლს ამუშავებს. საწარმოსთვის კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს ნედლეულს.

„ენკენის“ საწარმო სოფელ დიცში მდებარეობს, რომელიც მუდმივად 6 ადამიანს ასაქმებს, ხოლო საშუალოდ პერიოდულად დაახლოებით 10-12 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისთვის, „ენკენი“ ორი წლის წინ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამარ შეითნიშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და შალვა მძინარაშვილმა დააფუძნეს. მათ ბიზნესი „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებით დაიწყეს, რომელიც 100 000 ლარს მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები