მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვატო ლეჟავა: დაავადებული ეკონომიკის მკურნალობა ეროვნული ბანკის ფუნქცია არაა

5fb8d25c15fa9
თელარა გელანტია
21.11.20 13:02
1175
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის ვატო ლეჟავას განცხადებით, დაავადებული ეკონომიკის მკურნალობა ეროვნული ბანკის ფუნქცია არაა.

ამის შესახებ მან BMG-ის რუბრიკა #BMGDRIVE-ში ლარის კურსის რყევებსა და მისი სტაბილურობისთვის სებ-ის ინტერვენციებზე საუბრისას განაცხადა.

ვატო ლეჟავა ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ „ლარი ეკონომიკის თერმომეტრია“, ამიტომ რუბრიკის წამყვანმა ბექა ბაციკაძემ მას ჰკითხა - რამდენად ეფექტიანია სებ-ის პოლიტიკა.

„თუ თერმომეტრი აჩვენებს, რომ სიცხე გვაქვს, შეიძლება, დამწევი მედიკამენტი დავლიოთ და ამან ჩვენი ტემპერატურა დროებით დაარეგულიროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ვმკურნალობთ და გამომწვევ მიზეზებს ვებრძვით. ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციებსაც სიცხის დამწევის ფუნქცია აქვს - შეარბილოს რყევები, ნახტომები, თუმცა ტენდენციას ის ვერ შეცვლის და მიზეზებს ვერ უმკურნულებს სებ-ი, ის მხოლოდ რეაგირებას ახდენს ჩვენი ეკონომიკის დაავადების გარეგნულ სიმპტომებზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე. ამდენად, ცენტრალური ბანკის ინტერვენცია არსებითად ვერ შეცვლის რეალობას. დაავადებული ეკონომიკის მკურნალობა ეროვნული ბანკის ფუნქცია არც არის, მისი ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და გარკვეულ შემთხვევაში მცურავი კურსის მენეჯმენტი მოკლე ვადაში; $40 თუ $60 მილიონიანი ინტერვენციით სებ-ს ლარზე, ეკონომიკაზე საშუალო და გრძლევადიანი გავლენა ვერ ექნება“, - აღნიშნა ვატო ლეჟავამ.

ცნობისთვის: 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 23 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში, 780 მლნ დოლარამდე გაყიდა.

20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3073 ლარი გახდა. ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 2.44 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9215 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები