მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეღარ ვუძლებთ... 180 ობიექტიდან 40 გადარჩა და ალბათ კიდევ შემცირდება - ბავშვთა გასართობი ცენტრები

61b35ce356d31
ინგა მურუსიძე
12.12.21 15:00
2212
ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციისა და ცენტრ „ლაიქის“ ხელმძღვანელი, გიორგი მთიულიშვილი აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღების მომხრე იყო, თუმცა "არა ისე უკუღმა, როგორც ეს მოხდა".

როგორც მან bm.ge-ს უთხრა, კოვიდ პასპორტების შემოღება უნდა მომხდარიყო წაღმა, რომ რეალური შედეგების მომტანი ყოფილიყო.

„კოვიდ-პასპორტები ზოგიერთი ბიზნესისთვის შემოიღეს, რამაც შედეგი არ გამოიღო, არც ვაქცინაციამ მოიმატა და არც სიკვდილიანობამ მოიკლო. ბიზნესების შემთხვევაში კი ჩვენ მიმართ წამოვიდა კითხვები, რატომ გვყოფთ აცრილებად და აუცრელებადო. რაც ყველაზე მთავარია, ყველას უნდა სცოდნოდა, რომ თუკი ჯოხს 3-4 ბიზნესზე გადატეხავდი, შემოსავალი ისედაც რა გვქონდა და უკვე ესეც აღარ გვექნებოდა. ფინანსური დახმარებაც უნდა მოჰყოლოდა ამას. მომხმარებელი შემცირდა, რაც ლოგიკურია. ერთდროულად რომ შემოსულიყო „მწვანე პასპორტი“ მოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში, მაშინ ამას დიდი შედეგი მოჰყვებოდა“, - ამბობს მთიულიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემებზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან და ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებენ ნინო კვეტენაძესთან. მთიულიშვილის თქმით, ორივე მუდმივ კომუნიკაციაზეა ბიზნესთან და სრულ კონსულტაციას უწევს ნებისმიერ საკითხში, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის ფინანსური დახმარება შეუძლია სახელმწიფომ გაუწიოს ბიზნესს, მთიულიშვილი განმარტავს, რომ ეს შეიძლება იყოს საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, ან იჯარის გადასახადზე დახმარება და ა.შ.

„უკვე ვეღარ ვუძლებთ. ქვეყანაში არსებული 180 ობიექტიდან 40 გადარჩა. პანდემიის გამო მომხმარებელი ისედაც მოგვაკლდა და ალბათ ეს 40-იც შემცირდება. პირადად მეც მომიწევს ალბათ ერთი ობიექტის დახურვა, რადგან 50 000-ლარიანი საიჯარო ვალი მაქვს გადასახდელი და ალბათ ვეღარ გადავიხდი. სახელმწიფო არ გვეხმარება, კერძო პირს არ აინტერესებს, რომ პანდემიის დროს არ გვიმუშავია. მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან შეგვიმცირდა. თითქმის მეოთხედი მომხმარებელი გვყავს 2019 წელთან შედარებით“, - აღნიშნა მთიულიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეებს მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ ობიექტებს: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტებო, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები