მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერ ვიტყოდი, რომ მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა სიხარულის მომგვრელია - "ემბისი"

6401fbb676d29
თელარა გელანტია
03.03.23 21:24
1115
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი, ამბობს, რომ ნეგატიური გადაწყვეტილებაა 2023 წლიდან მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე გაზრდა და ასევე, მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი არ გავრცელდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

„შეიძლება ეგოისტურად ვამბობ, მაგრამ როგორც საფინანსო სექტორის ერთ-ერთი მონაწილისთვის „ესტონური მოდელის“ ჩვენზე არგავრცელება ნეგატიური გადაწყვეტილებაა. ჩემი გადმოსახედიდან, ესტონური მოდელის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მოგების განაწილება არ ხდება, ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება - ეს ასტიმულირებს ბიზნესს, რომ გააკეთოს მოგების რეინვესტირება, შეიზღუდოს მოხმარება და გაიზარდოს შიდა ინვესტიციები. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ამას ხელს არ შეუწყობს.

ასევე, ვერ ვიტყოდი, რომ სიხარულის მომგვრელია საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდის ფაქტი. საერთოდ არ ვარ იმის მომხრე, რომ საგადასახადო წნეხი განსხვავებული იყოს სექტორების მიხედვით. არ ვიცი, ეს რამდენად მიღებული პრაქტიკაა“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

წამყვანის რეპლიკას - „მოგების გადასახადის მხოლოდ საფინანსო სექტორისთვის 20%-მდე გაზრდა მთავრობის მეთაურმა „გაუმართლებლად მაღალი მოგებით“ ახსნა, „ემბისის“ გენერალურმა დირექტორმა ასე უპასუხა:

„თუ თქვენ დააკვირდებით არა მოგების აბსოლუტურ მაჩვენებელს, არამედ მოგებიანობას, საბანკო სექტორში მომგებიანობა, დაახლოებით, 20%-ია, მიკროსაფინანსო სექტორში კი - გაცილებით ნაკლები, ხოლო მისო-ების იმ ნაწილში, რომელიც ბიზნესდაკრედიტების მოდელს მისდევს, იქ კიდევ უფრო დაბალია მოგება“, - განმარტა მან.

ცნობისთვის: მისო-ებმა 2022 წელი 114-მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულეს. კატეგორიების მიხედვითმისოების მიერ გაცემულ სესხებში - ლიდერი სალომბარდე სესხებია, რომელსაც სამომხმარებლო და ვაჭრობაზე გაცემული სესხები მოსდევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები