ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადა, სადაც ის საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვას წარადგენს.
დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ლარის კურსი საკმაოდ არის გამყარებული.
„კურსი საკმაოდ გამყარებულია ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში და რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება, მათ შორის ჩვენს ექსპორტზე. ხელს უწყობს იმპორტის ზრდას, ეს კი, საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში კურსზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, გუშინ გარკვეული ამოვარდნა ჩანდა, დღეს ვხედავთ, რომ უფრო ქვემოთ მოდის [კურსი]. როცა ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ., ეს ხელს უწყობს კურსის გამყარებას. თუმცა, თუ კურსი ზედმეტად გამყარდა, ეს იწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რაც შეეხება პროგნოზს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ არის სწორი, ხოლო ზოგად პროგნოზთან დაკავშირებით, შესაძლებელია ითქვას, რომ წლის ბოლომდე „დიდი არასტაბილურობა“ არ არის მოსალოდნელი.
„კურსის პროგნოზი რომ გავაკეთო, არ იქნება სწორი, ვერ შევძლებ ამას და არც არავინ უნდა ეცადოს პროგნოზის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ექსპერტული მოსაზრებები ბევრჯერ მინახავს. ვერავინ ვერ იტყვის, კურსი რამდენი იქნება და არავინ არ უნდა ენდოს არავის ნათქვამს, რომ ამდენი იქნება კურსი. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, კონკრეტულ პერიოდში, რა დინამიკა ექნება სხვადასხვა მაჩვენებელს, მათ შორის ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი და ა.შ.
ზოგადად პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება. რა პროგნოზიც არის, როგორც ექსპორტის, იმპორტის და ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ კურსი წელს გამყარებული დარჩება. თუმცა, მნიშვნელოვანი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი არ იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა გუშინ ლარი დოლართან - 4 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა