მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, მომავალ წელს აზიის მიმართულებით საჰაერო ნაკადები გაიზრდება - საქაერონავიგაცია

63aedc0954439
მარიამ ვარადაშვილი
31.12.22 00:00
517
საქაერონავიგაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი თეონა ერქომაიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების შენარჩუნების პირობებში საჰაერო ნაკადები გაზრდილი დარჩება.

ამასთან, სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენელი 2023 წელს აზიის მიმართულებით გაზრდილ ნაკადებსაც პროგნოზირებს, სადაც მიმდინარე წელს შეზღუდვები ნარჩუნდებოდა.

“პროგნოზის კეთება ძალიან რთულია, რადგან მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენაზე ვართ დამოკიდებული. მაგალითად, საჰაერო სივრცის გამოყენების ნაწილში პაკისტანსა და ინდოეთს შორის 2019 წლის კონფლიქტიც შეგვეხო. შედეგად საჰაერო სივრცეებში მოძრაობა შეიზღუდა, რის გამოც საქაერონავიგაციას დიდი დანაკარგი ჰქონდა. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელს რეგიონს. ერთი შეხედვით თითქოს პაკისტან-ინდოეთს შორის არსებული დაპირისპირება არ უნდა გვეხებოდეს, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ავიაციაზე მაინც აისახება. Covid-19-ზე აღარ ვისაუბრებ, რადგან ყველასთვის ცნობილია იმ უმძიმეს გავლენაზე, რაც პანდემიას ჰქონდა. ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო და ყველას იმედი გვაქვს, რომ მსგავს ვითარებაში აღარ აღმოვჩნდებით. საერთაშორისო ორგანიზაციებს უჭირთ კონკრეტული რიცხვების დასახელება და ისევ უყურებენ პანდემიის მაჩვენებლებს, კერძოდ, იმას კვლავ რაიმე აკრძალვა არ იყოს. ვფიქრობთ, რომ შესრულებული ფრენების მიმართულებით ჯერჯერობით არსებული ვითარება შენარჩუნდება და აზიის ქვეყნები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, რადგან კოვიდის გამო დიდი ხანი შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული",-აცხადებს ის.

მისი თქმითვე, საქართველოს საჰაერო სივრცეს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების ავიაკომპანიები იყენებენ. მაგალითად Turkish Airlines, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიაა. 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა მგზავრების 80% დაიბრუნეს და ჯამში 4 მლნ-ზე მეტ ადამიანს მოემსახურნენ. პანდემიამდელ 2019 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 5 მილიონს აღწევდა. აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ყველაზე დაბალი კი თბილისს აქვს.

რაც შეეხება გადაფრენებს, აქ წლიურად თითქმის 80%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯამში წელს გადაფრენების მაჩვენებელი 94 484 აღწევს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] უახლესი პროგნოზით, პანდემიამდელ ნიშნულს ავიაცია 2025 წელს დაუბრუნდება. ბაზისური სცენარით კი 2023 წელს სექტორი მხოლოდ 92%-ით აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები