მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვიონი საქართველო” ტენდერიდან დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებს

63a59a10a1636
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.22 16:16
717
“ვიონი საქართველო” საჯარო მოხელეთათვის სატელეფონო მომსახურების გაწევის ტენდერიდან დისკვალიფიცირებას არ გაასაჩივრებს, - ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულებად "მაგთიკომი" და "სილქნეტი" დასახელდნენ. ტენდერში მონაწილეობა ქვეყანაში მოქმედმა სამივე მობილურმა ოპერატორმა მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი დისკვალიფიკაცია შემდეგი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ განაპირობა:

"შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი უწყების/ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - პრეტენდენტის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველომ“, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, შპს „ვიონი საქართველოს“ ქონებაზე რეგისტრირებულია ორი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული ორი მობილური ოპერატორი სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ დაახლოებით 260 000 აბონენტს გაუწევს მომსახურებას. ფიჭური სატელეფონო მომსახურების გაწევა კი, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელდება.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას, 2018 წელს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, „მაგთიკომი“ , „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ (ბილაინი) აწვდიდნენ. მაშინ "ბილაინს" ამ სეგმენტზე შესვლის უფლება პირველად მიეცა. ამ კონტაქტის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო ვადად 2022 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.

კომპანიების შერჩევას მთავრობა 2019 წლის 1-ელ მარტს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერითაც ცდილობდა, თუმცა წინადადებები მხოლოდ „ბილაინმა“ წარადგინა. შესყიდვების სააგენტომ კი მიიჩნია, რომ „ერთი გამარჯვებული ოპერატორის (შპს „ვიონი საქართველოს“) არსებობა, ალტერნატიული წყაროს გარეშე , შეიცავდა რისკს იმის თაობაზე, რომ მისი შეფერხების შემთხვევაში, შესაძლოა თავიდან ვერ ყოფილიყო აცილებული შემსყიდველი ორგანიზაციების სატელეფონო მომსახურების გარეშე დარჩენა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები