მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეუძლია სებ-ის პრეზიდენტის გადაყენება - კანონის ნორმა

ეროვნული ბანკი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისკენაც მოუწოდა და თქვა, რომ ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს თავიდან აარიდებს.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოს წევრთა გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით არის შესაძლებელი. იმპიჩმენტის პროცედურა კი საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლით არის განსაზღვრული. აღნიშნული მუხლით სებ-ის საბჭოს წევრის, მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია პარლამენტის წევრების ხმათა უმრავლესობით.

მუხლი 48. იმპიჩმენტი:

1. კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

3. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა,”- ნათქვამია კონსტიტუციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები