მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის უნდა დაუწესდეს სავიზო რეჟიმი საქართველოში შემოსვლისას? - კანონპროექტი

63452586026dd
ინგა მურუსიძე
11.10.22 12:31
717
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლითაც რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს ვიზები დასჭირდებათ. კანონპროექტი ინიცირებულია "ლელოს" წევრების - ანა ნაცვლიშვილის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და სალომე სამადაშვილის მიერ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით სარგებლობენ. ამგვარი ლიბერალური მიდგომა და ბოლო პერიოდში გაზრდილი ვიზიტორების ნაკადი ლოგიკურად არის მომეტებული საფრთხეების შემცველი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება“.

თავის მხრივ, ცვლილებები ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს იმ პირებისთვის, ვისაც განსაკუთრებული კავშირები აქვს საქართველოსთან.

ამასთან, ისტორიულ სამშობლოში შემოსვლა კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ იმ პირებს, რომლებიც არ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ საქართველოში ჰყავთ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრი (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი) ან ნათესავი (მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი).

გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, საქართველოში შემოსვლამდე მოქალაქემ წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ საქართველოს ტერიტორიის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. "ეს დანაწესი მნიშვნელოვანი ფილტრი იქნება ისეთი ადამიანების საქართველოში შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომელთათვისაც პრობლემას წარმოადგენს თავისი ქვეყნის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი, აგრესორი სახელმწიფოს აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის გამოხატვა. საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა", - წერია განმარტებით ბარათში.

ინფორმაციისთვის, მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმედღიან მონაკვეთში, 21-26 სექტემბრის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის 53 136 მოქალაქე, ხოლო გავიდა 34 990.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები