მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისი ბრალია covid-ით გარდაცვლილი 15 000 ადამიანი, ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს - სერგეენკო

62094ca67956f
თელარა გელანტია
13.02.22 22:56
838
„მარტში გამოქვეყნდება დემოგრაფიული მონაცემები, რომელიც არის საბოლოო ვერდიქტი თუ რა მოხდა გასულ წელს ქვეყანაში, ეს იქნება პირველი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ დავიწყოთ შეცდომებისა და ძლიერი მხარეების ანალიზი, მანამდე ამის გაკეთება არაკომპეტენტური და არასწორია. ვისი ბრალია 15 000 გარდაცვლილი ადამიანი - ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ კოვიდპანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ipn წერს, სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი პროცენტი კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია და ვაქცინაციის 60%-იანი გეგმის ვერშესრულება მეტწილად არასწორმა საინფორმაციო კამპანიამ განაპირობა.

„ყველას გვახსოვს კოვიდპანდემიის დასაწყისი, ეს პირველ რიგში პოლიტიკოსებმა გამოიყენეს საკუთარ ტრიბუნად. ქვეყნის პირველ პირებს კლინიკური მართვის პროტოკოლები ეკავათ ხელში და ცდილობდნენ ამ გამოწვევისგან შეექმნათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად დაეკავებინათ საინფორმაციო სივრცე. პოლიტიკოსები ეჭვიანობდნენ დარგის სპეციალისტებზე, რომ მათ არ წაეღოთ პირველობის გვირგვინი და ნებისმიერ ხერხს იყენებდნენ ამისთვის, ცდილობდნენ ჩაეჩოჩებინათ სპეციალისტები. იგივე კანონზომიერებაც არის საქართველოში გამოხატული, საინფორმაციო სივრცე შეივსო ენთუზიასტებით, ბლოგერებით და არაპროფესიონალებით. ერთობლიობაში პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, კომპეტენციის აღრევისა და კომუნიკაციურმა ფაქტორებმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიოს. ჩვენს შემთხვევაშიც ეს ოთხი კომპონენტი სამართლიანია და მოქმედია, თუმცა რთულია იმის თქმა, რომელი კომპონენტისგან რა ზიანია მიღებული.

პირველი ტალღის დროს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჰქონდა, საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ იმუშავა ბრწყინვალედ, გააკეთა პრევენცია, მიიღო პირველი დარტყმა თავის თავზე, იზოლაციაში გაუშვა ყველა კონტაქტი, რათა ჰოსპიტალური სექტორისთვის მიეცა მომზადების დრო, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არავის არ აქვს, შესაბამისად როდესაც შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულს ასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვაც გაირღვა და დარტყმა მივიდა ჰოსპიტალურ სექტორზე, რაც აღმოჩნდა დამანგრეველი. საზოგადოებას აინტერესებს რაში იყო შეცდომა, ან ვინ იყო დამნაშავე, ამის თქმა შეუძლებელია და თუ ვინმე შეეძლება ან არაკომპეტენტური იქნება, ან ტენდენციური, იმიტომ, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ახლა შეფასებების გაკეთება ნაადრევია, ეს ომი არ დასრულებულა და მიმდინარეობს. მარტში გამოქვეყნდება დემოგრაფიული მონაცემები, რომელიც არის საბოლოო ვერდიქტი თუ რა მოხდა ქვეყანაში გასულ წელს, ეს იქნება პირველი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ უკვე დავიწყოთ შეცდომებისა და ძლიერი მხარეების ანალიზი, მანამდე ამის გაკეთება არაკომპეტენტური და არასწორია, მაგრამ ვისი ბრალია 15 000 გარდაცვლილი ადამიანი ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხს, დავით სერგეენკოს თქმით, თავად უფრო ხისტი ზომების მომხრე იქნებოდა, თუმცა საინფორმაციო კამპანია არასწორად წარიმართა და მწვანე პასპორტი პირველი პრიორიტეტი გახდა, მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ზომას ნიღბის ტარება წარმოადგენს.
ამასთან, სერგეენკოს შეფასებით, პოლიტიკოსებმა ჩააჩოჩეს პროფესიონალები და ვერც თვითონ შეასრულეს მათი ფუნქცია, საინფორმაციო კამპანია ჩატარდა არასწორად და იყო ეს ერთი ადამიანის თუ უწყებრივი ბრალი ამაზე მსჯელობა ახლა გაუმართლებელი იქნება.

„მე ყოველთვის უფრო ხისტი ზომების მომხრე ვიქნებოდი, რაც შეეხება ჯანდაცვის უსაფრთხოებას, ისევე როგორც ჩემი ნებისმიერი კოლეგა. არასწორად შევსებულმა საინფორმაციო სივრცემ „მწვანე პასპორტი“ გახადა გრაალის თასი, რომელიც სინამდვილეში ტექნიკური საკითხია. გავრცელებაზე ყველა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ნიღბის ტარებას, პირველი პრიორიტეტი არის ეს, თუ ამ პრიორიტეტების რიგში ავიღებთ „მწვანე პასპორტს“ იქნება მეხუთე ან მეშვიდე. მაშინ როდესაც საინფორმაციო სივრცეში ამოიწია მწვანე პასპორტმა. პოლიტიკოსებმა ჩააჩოჩეს პროფესიონალები და ვერც თვითონ შეასრულეს მათი ფუნქცია. პოლიტიკოსებმა ვერ შეასრულეს ფუნქცია და სხვაც არ მიუშვეს ამის გასაკეთებლად. საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდა სწორად, იყო ეს ერთი ადამიანის თუ უწყებრივი ბრალი ამაზე ახლა მსჯელობა სწორი არ იქნება, ამის დღე აუცილებლად დადგება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები