თბილისის მასშტაბით არსებული საცხობები, სადაც პროდუქციაზე ფასები 30%-ზე მეტად არის მომატებული, გაზრდილი კომუნალურების გათვალისწინებით მოგებაზე ვეღარ საუბრობენ. როგორც საცხობ “ღუმელიდან” დამფუძნებელი ლანა ლაგვილავა ამბობს, დღეს გაძვირებული კომუნალური გადასახადების, პროდუქციაზე გაზრდილი ფასებისა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვა გადასახადების გათვალისწინებით, ბიზნესი არჩევანის წინაშე დგება შეაჩეროს თუ არა მუშაობა.
“წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირებამ პროდუქციაზე ფასის ზრდა გამოიწვია. ვგეგმავდით, რომ 30%-ით გაგვეზარდა ფასები, თუმცა ვერ მოხერხდა და ფასები 30%-ზე მეტად გავზარდეთ. ფასების ზრდა მაინც არ მომხდარა იმ პროპორციულობით, რაც გაზრდილ კომუნალურებსაც დაფარავდა და გაძვირებული პროდუქციის გათვალისწინებით შემოსავალსაც მოგვცემდა. ძირითადად გამოდის, რომ ფაქტიურად ვმუშაობთ კომუნალურების გადახდისთვის. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ როცა ჩვენ პროდუქციას გავაძვირებთ, პირდაპირ მოსახლეობას დაარტყამს, თუმცა მათ შემთხვევაში ბიზნესის მხრიდან მხოლოდ რამდენიმე თეთრით ხდება გაძვირება, ბიზნესის შემთხვევაში კი იმდენად იზრდება ხარჯები, რომ დგება საკითხი დაიხუროს თუ გააგრძელოს მუშაობა.”-ამბობს საცხობი “ღუმელიდან” დამფუძნებელი ლანა ლაგვილავა.
ცნობისთვის, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი გასული წლის მიწურულს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაძვირდა, გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ პურის საწარმოებია.
კერძოდ, თუ აქამდე კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიდნენ, გაზრილი ტარიფის გათვალისწინებით ტარიფი ლარი და 10 თეთრი გახდა.
2021 წლის თებერვლიდან საშუალოდ 11-13 თეთრით გაუძვირდა ბიზნესს ელექტროენეგიაც და ბოლოს არც წყალმომარაგება ყოფილა გამონაკლისი, ამ შემთხვევაში კერძო სექტორს 2,10 ლარით გაზრდილი ტარიფი ერგო.