მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვოლტის“ კურიერები 15 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებენ - მოთხოვნები

63e9f0afdaa9d
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.23 12:18
1169
„ვოლტის“ პარტნიორი კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 15 თებერვალს 12 საათზე კომპანიის ოფისთან მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის პარტნიორმა კურიერმა გიორგი ტიკარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიასთან სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გამართული არაერთი შეხვედრა დაპირებებით დასრულდა და პროტესტის ეს ფორმა აქედან გამომდინარეობს.

„პარტნიორი კურიერების ანაზღაურების სისტემა ასეთია - 3 ლარი საბაზისოა და ყოველ კილომეტრზე მისასვლელად 50 თეთრი ემატება. ვითხოვთ, რომ ანაზღაურება 3.5 ლარამდე გაზრდას და კილომეტრზე 70 თეთრი დამატებას.

ამასთან, ძალიან ცუდი სადაზღვევო პირობები გვაქვს. ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედი სადაზღვევო პაკეტით მინიმალური მოთხოვნები ნაზღაურდება და დროში ძალიან იწელება. ეს ეხება როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევას. ვითხოვთ ამ პირობების გაუმჯობესებას“, - განმარტა გიორგი ტიკარაძემ.

მისივე თქმით, 15 თებერვალს დაგეგმილ აქციას მიტანის მომსახურების კომპანიების „გლოვოს“ და „ბოლტის“ პარტნიორი კურიერებიც შეუერთდებიან.

მასშტაბური აქციამდე „ვოლტის“ პარტნიორი კურიერები დღეს აღმაშენებლის გამზირიდან სახალხო დამცველის ოფისამდე მსვლელობას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანია „ვოლტში“ განხორციელებული დისკრიმინაციული და შრომითი უფლებების შემლახველი მოქმედებების შესახებ მიმართვას შეიტანენ.

bm.ge კომპანია "ვოლტს" დაუკავშირდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები