მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვუახლოვდებით 2030 წლის ვალდებულებების შესრულების პერიოდს“ - გაბუნია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე

6238928031de6
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 19:59
855
„ვუახლოვდებით 2030 წლის ვალდებულებების შესრულების პერიოდს“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2022–2030 წლებში ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებაზე ვალდებულება აიღო, რის შედეგადაც ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა არსებითად გაუმჯობესდა.

„ამ მიმართულებით მუშაობა მთელი ამ წლების განმავლობაში ინტენსიურად გრძელდებოდა, თუმცა, ვუახლოვდებით 2030 წლის ვალდებულებების შესრულების პერიოდს, როდესაც უკვე გლობალური საზოგადოება შეაფასებს ქვეყნების პროგრესს თუ რა ეტაპზეა ქვეყანაში ჯანდაცვაზე, ასევე ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და რამდენად დაცულია მოსახლეობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან. აქედან გამომდინარე, სტრატეგიის გეგმა, მთავარი ხედვა საქართველოს მოსახლეობის ხარისხიანი და საჭიროებაზე მორგებული ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა გახლავთ, ისე რომ მოსახლეობა ჯანმრთელობის რისკების აღმოცენების შემთხვევაში დაცული იყოს და ფინანსური რისკების წინაშე არ დადგეს, არ გამოიწვიოს მისი გაღარიბება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სტრატეგიის მთავარ მიზანს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილება წარმოადგენს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ჯანმრთელობის შედეგებიც და ასევე, ფინანსური დანახარჯებიც იყოს რაციონალური.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს თანხვდება, რათა ქვეყანამ საბოლოოდ გამართული ჯანდაცვის სისტემა მიიღოს.

ეს მიმართულებებია: ჯანდაცვის სექტორის მმართველობის გაძლიერება; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის სამართლიანობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარება; მაღალი ხარისხის, ეფექტიან და უსაფრთხო მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება; ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების გაუმჯობესება.

„ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022–2030 წლებისთვის“ ჯანდაცვის სამინისტრომ ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის ხელშეწყობით მოამზადა და მას თან დეტალური სამწლიანი სამოქმედო გეგმა ახლავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები