აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ 2012–2018 წლებში ალექსანდრე ბარამიძემ შეაფასა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს მიერ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების კონტექსტში და ისიც, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ.
შეიძლება ვთქვათ, რომ 12 წინაპირობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმაა და სწორედ ეს რეფორმა შეიძლება გახდეს წითელი ხაზი ევროკავშირისთვის?
ყველაზე მთავარი, რაც არ არის შესრულებული – ეს არის სწორედ სასამართლო რეფორმა. რეფორმა უკვე წლებია შეჩერებულია კლანის მოთხოვნით და არაფერი არ კეთდება. ადვილი შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა სწორედ ამ კუთხით გარკვეული უარყოფითი გადაწყვეტილებები მიიღოს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ გამომდინარე იქიდან რაც ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხალხმა აჩვენა, თუნდაც 7–8 მარტს, ასევე გასული წლის ზაფხულში ევროკავშირთან დაკავშირებით უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ – როცა უკრაინასთან დაკავშირებით გამოვიდა – აი, ამ მასობრივმა გამოსვლებმა ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების და ევროსტრუქტურების დამოკიდებულება ამ სიტუაციის მიმართ და ჩვენ ამას ვხედავთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ქართული ოცნების ხელისუფლება მომდევნო თვეების განმავლობაში საშინელებას არ ჩაიდენს – ისეთს, როგორიც მაგალითად აგენტების შესახებ კანონის შემობრუნება იქნებოდა – ადვილი შესაძლებელია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შეუსრულებელი პირობებისა, მიუხედავად სასამართლო რეფორმის განხორციელების კუთხით სრული ჩიხისა, რომელშიც ეხლა იმყოფება ქართული ოცნება – ქართველი ხალხის გამო, ჩვენ შესაძლოა მაინც მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
გამოდის, სტატუს–კვო გვაწყობს?
არა. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი შესრულდეს. მაგრამ ამის მიუხედავად – ამას ვამბობ – არის გარკვეული შანსი. ქართული ოცნება და კორუმპირებული მოსამართლეები არავითარ რეფორმას არ ჩაატარებენ. ეს არის გარანტირებული რამ. აქედან გამომდინარე, ამის მიუხედავად მე – შეიძლება მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც მინდა რომ მოხდეს...
ნისლში თვითმფრინავის მართვას ჰგავს ახლა გამოვიცნოთ რა შეიძლება მოხდეს 12 წინაპირობასთან მიმართებით და დაბეჯითებით იმასაც ვერ ვამბობთ, რა არის ამ ეტაპზე ნამდვილად შესრულებული ამ 12 წინაპირობიდან ..
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯი არ გადადგმულა წინ – ეს არის ფაქტი. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შემოაგდო გასული წლის შემოდგომაზე – და დაარქვა ვითომ რეფორმა – ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც არავითარი ნაბიჯი არცერთი მიმართულებით. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს არ არის ის, რასაც თქვენგან მოითხოვს ევროკავშირი. ეს არ არის ფუნდამენტური სასამართლო რეფორმა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ან მოუწევს მართლა რეფორმის ჩატარება ან თქმა, რომ – არა, მურუსიძეს არ უნდა რეფორმა და ამიტომ ჩვენ ამ რეფორმას არ განვახორციელებთ.
გამოსავალი რა არის?
გამოსავალს ვხედავ მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში. გამოსავალი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქართველმა ხალხმა უნდა გაისტუმროს არჩევნების შედეგად. ამისთვის საჭირო იქნება მუშაობა. ამისთვის საჭირო იქნება ახალი იდეები – მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში. ამისთვის საჭირო იქნება საზოგადოების მობილიზება იმ კუთხით, რომ "ოცნების" ხელისუფლებას საქართველო არ მიჰყავს სწორი მიმართულებით. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საქართველო მიჰყავს ცივილიზებული დასავლეთისგან იზოლაციონიზმის მიმართულებით – და რას ნიშნავს ეს იზოლაციონიზმი როდესაც ჩვენ გვყავს მეზობლად ჩრდილოელი დათვი – აქედან შეიძლება დასკვნა გამოიტანოს ბავშვმაც. იმიტომ რომ, როცა შენ გინდა ე.წ. სუვერენული დემოკრატია – ანუ წაეჩხუბო დასავლეთს და მისგან დაცვის მექანიზმები შენ თვითონვე მოარღვიო – ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ძლევამოსილ მტერთან დარჩე პირისპირ.