პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ამისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის კონტექსტში ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ასეთი შემთხვევების დროს, ჯოხი შუალედურ რგოლზე ტყდება.
მისივე თქმით, ახალ ანტიკორუფციულ უწყებას უნდა ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება დამოუკიდებლობის გარანტიები და არ შეეშინდება, რომ გაბედული ნაბიჯების გადადგმისთანავე მოხსნიან თანამდებობიდან.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, მათ შორის საპარლამენტო მუშაობის პირველივე დღიდან იყო კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების შექმნა. ჩვენ ვსაუბრობთ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფო უწყებაზე, ფართო და ეფექტიანი მანდატით, რომელიც მართლა ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას და არა ისე, როგორც დღეს ხდება - შუალედურ რგოლზე გადატყდება ხოლმე ჯოხი და ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ ბუღალტერს ან მოადგილის მოადგილის მოადგილის თანაშემწეს მიჰქონდა მილიონები ისე, რომ ზემდგომებმა არაფერი იცოდნენ. ეს სცენარები ხომ კარგად ვიცით და აღარ მუშაობს. წარმატება ყოველთვის მერმა უნდა ჩაიწეროს და თუ რამე დაშავდა, ქვემდგომის ბრალია. ამიტომ, ერთიანი დამოუკიდებელი ძლიერი უწყება გვჭირდება, რომელიც ყველა სფეროში შეებრძოლება კორუფციას.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს უწყების ლიდერს, მაგრამ აუცილებელია, მას ჰქონდეს ინსტიტუციური გარანტიები. ის რომ დაიწყებს სწორი ნაბიჯების გადადგმას, ხელი ვერ უნდა მოკიდონ და ვერ მოაცილონ სცენას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.