მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წარმოების დანაკარგი, რაც თანამშრომელთა ინფიცირების გამო გვქონდა, ვცდილობთ ავანაზღაუროთ“ – „აჭარა ტექსტილი“

607832121c4eb
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 09:00
881
კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსი კვლავ გავრცელდა. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, საწარმო 7-10 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.

„ახლა ყველაფერი სტაბილურადაა, ყველა თანამშრომელი PCR-ტესტით გავტესტეთ და ვისაც საბოლოოდ უარყოფითი პასუხი მოუვიდა მხოლოდ ისინი გამოვიყვანეთ სამსახურში. ვირუსის გავრცელების შემდეგ 7-10 დღე ფოთის საწარმო დახურული გვქონდა. აქ 1 300 ადამიანია დასაქმებული და ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანი ინფიცირებულია.

საწარმო ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას და ვცდილობთ, რომ ის დანაკარგი, რაც გვქონდა იმ 10 დღის განმავლობაში ავანაზღაუროთ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

კომპანია „აჭარა ტექტილი“ ფოთში, ქობულეთში, ბათუმში და რუსთავში 4 სამკერვალო ფაბრიკას მართავს და ჯამში 5 500 ადამიანს ასაქმებს. კომპანია საერთაშორისო სპორტული ბრენდებისთვის Nike-სა და Adidas-თვის სპორტულ ტანსაცმელს კერავს.

ფინანსური დირექტორის ინფორმაციით, კომპანიის 2021 წლის გეგმა 15-დან 20 მლნ-მდე ერთეული სამოსის დამზადებაა, რაც 250 მლნ ლარის ღირებულების იქნება.

შეგახსენებთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 2 კვირის წინ - 31 მარტს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების კლასტერული შემთხვევების ტენდენცია ისევ გამოჩნდა, რაც ვირუსის ინტენსიური გავრცელების დასაწყისია. ერთ-ერთი ასეთი კლასტერად კი სწორედ „აჭარა ტექსტილის“ საწარმო დაასახელა.

აღსანიშნია, ისიც რომ „აჭარა ტექსტილში“ ეს ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს საწარმოს 2 ფაბრიკამ მუშაობა სწორედ კორონავირუსის გავრცელების გამო პირველად შეაჩერა. შემოდგომაზე კი საწარმოში ინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები