მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB-ის დაფინანსებული ატენის გზის რეაბილიტაცია ოთხი წელია ვერ დასრულდა - მიზეზები

62d5640e10777
ნინო ჩიბჩიური
19.07.22 09:45
1186
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ინფორმაცია BM.GE-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჯაფარიძემ მიაწოდა.

საქმე ის არის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC-მ 2017 წელს დაიწყო და სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, 12 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ დახურულა.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 6 155 842 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საუბარია 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც, რომლის თანახმად, პროექტის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით (რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო), ყველა შესაძლო, მოსალოდნელი პრობლემა თუ რისკი წინასწარ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და უწყებებს შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ირწმუნებიან, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ ობიექტზე სხვადასხვა ფაქტორი გამოვლინდა, რაც სამუშოების დასრულების ვადებზეც აისახა.

„საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებზე აუცილებელი გახდა მიწის გამოსყიდვის პროცედურების განხორციელება, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საპროექტო გზაზე მოაწყო მიმდებარე სოფლების სასმელი წყლით მომარაგების ახალი სისტემა სათავე ნაგებობით, რის შესაბამისადაც სამუშაოების

დასასრულებლად კონტრაქტორს განესაზღვრა გონივრული ვადა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კონტრაქტორის მხრიდან ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობამ მისი დაჯარიმება გამოიწვია. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 39.3 პუნქტის საფუძველზე, კონტრაქტორს დაეკისრა პირგასამტეხლო მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 0.1% ყოველ გადაცილებულ დღეზე, რომლის მაქსიმალური ოდენობა ხელშეკრულების ამავე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 10%-ით, რაც შეადგენს 615 584.20 ლარს", - განმარტავენ უწყებაში.

ატენის ტერიტორიულ ორგანოში საკრებულოს დეპუტატი bm.ge-სთან ამბობს, რომ ასფალტის საფარის დაგება ორი დღის წინ დაიწყო. შოთა ვანიშვილის ინფორმაციით, პარალელურად რკინა-ბეტონის სამუშაოებიც მიმდინარეობს და როგორც კომპანიაში უთხრეს, სამუშაოების წელს დასრულებას წინ აღარაფერი უდგას.

"როგორც გავარკვიე, ამჯერად შემოდგომამდე აქვთ ვადა და იმედია, დაასრულებენ. მიწის მოჭრის სამუშაოების 80% შესრულებულია. ახლა მთავარია ასფალტი დააჩქარონ. რაც შეეხება სამუშაოების გაჭიანურებას, ერთ უბანზე გზა განიერდება და მოუწია ვინტილებსაც გადატანა გზის ნაპირზე, საიდანაც ვუშვებთ და ვკეტავთ წყალს. ეს სამუშაოც შესრულებულია", - აღნიშნა შოთა ვანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები