2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად თითქმის 80%-ით გაიზარდა.
როგორც საქაერონავიგაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა თეონა ერქომაიშვილმა BMG-ს უთხრა, საანგარიშო პერიოდში [იანვარ-ნოემბერი] საქართველოს საჰაერო სივრცეში 94 484 გადაფრენა დაფიქსირდა.
“ძალიან რთული წელი იყო, რადგან ბევრი ისეთი მოვლენა მოხდა, რომლის წინასწარი პროგნოზიც შეუძლებელი იყო. თავდაპირველად, საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ, რომ 2022 წელი გადამწყვეტი იქნებოდა საჰაერო ნაკადების აღდგენის კუთხით და პანდემიიდან გამომდინარე რამდენიმე სცენარი განიხილებოდა. საბედნიეროდ, ავიაკომპანიებმა მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, სიხშირეები გაეზარდათ და შედარებით ნორმალური ოპერირების რეჟიმს დაუბრუნდნენ.
საჰაერო ნაკადებიც უბრუნდება პრეპანდემიურ ნიშნულს. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აფრენა-დაფრენის რაოდენობა [საქართველოს აეროპორტებში] წლიურად 45%-ით არის გაზრიდილი. ეს მაჩენებელი 2019 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ სამგზავრო ნაკადები ჩვენს აეროპორტებში ბოლომდე არ აღდგენილა. რაც შეეხება გადაფრენებს, ანუ ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელს, 2021 წელთან შედარებით 78%-ით გაზრდილი მაჩვენებელი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებითაც არის გაზრდილი”,-აცხადებს ერქომაიშვილი.
საქაერონავიგაციის წარმომადგენელი აღდგენის ამ მაჩვენებელს წინა წლებთან შედარებით [პანდემიური 2020-2021 წლები] გაზრდილ საჰაერო ნაკადებს უკავშირებს.
“ზრდა ნაწილობრივ გამოიწვია საჰაერო ნაკადების სამხრეთით გადმონაცვლებამ, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ახალი ავიაკომპანიები წელს ჩვენ არ დაგვმატებია. მთავარი მიზეზი, რატომაც საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა არის ის, რომ ქვეყნებმა ნელ-ნელა საკუთარი საზღვრები გახსნეს. მაგალითად, აზიის ქვეყნები, რომლებსაც საზღვარი Covid-19-ის გამო ჰქონდათ ჩაკეტილი. აქედან გამომდინარე, ეს ზრდა მხოლოდ ნაკადების გადმონაცვლებას არ უკავშირდება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლის დათვლისას ვითვლით როგორც სატვირთო ასევე, მგზავრთა გადამყვანი ავიაკომპანიების გადაფრენებსაც”,-ამბობს ერქომაიშვილი.